დასავლეთ ბალკანეთში აშშ-ის ახალმა საგანგებო წარმომადგენელმა, მეთიუ პალმერმა ევროკავშირი გააკრიტიკა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადადებისთვის. პალმერმა ევროკავშირის ამ ნაბიჯს უწოდა "ისტორიული შეცდომა", რომელიც "ცუდ მესიჯს" უგზავნის რეგიონს.
"ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ევროკავშირი დავარწმუნოთ, შეცვალოს პოზიცია", ხორვატიაში მაისში დანიშნულ სამიტამდეო, - განაცხადა პალმერმა 4 ნოემბერს, ბელგრადში, სერბიის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პალმერის თქმით, აშშ-ს "სურს, დასავლეთ ბალკანეთს ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა".
ევროკავშირმა 15 ოქტომბერს არ გასცა ნებართვა მოლაპარაკების დაწყებაზე სკოპიესა და ტირანასთან, რაც დასავლეთ ბალკანეთის ამ ორი სახელმწიფოსთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო.
ვუჩიჩის თქმით, სერბიას სურს გააღრმაოს კავშირები აშშ-სთან. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაპატიჟებულია სერბიაში, აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ძლიერ წაადგებოდა ორმხრივ ურთიერთობას. სერბიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სერბიასა და კოსოვოს შორის კავშირების მოგვარების შესახებ მოლაპარაკება შესაძლოა "ორ-სამ თვეში" განახლდეს.