Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი "საზღვართან" სროლის ახალ ვერსიას ავრცელებს


ქართველი პოლიციელები ჩორჩანის საგუშაგოსთან. 2019 წლის 30 აგვისტო
ქართველი პოლიციელები ჩორჩანის საგუშაგოსთან. 2019 წლის 30 აგვისტო

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ „5 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდასთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი უკავშირდება შეიარაღებულ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას შორის“.

ამ შინაარსის ინფორმაცია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 7 ნოემბერს გაავრცელა. მისივე განცხადებით, კონფლიქტის მიზეზად იქცა კოდის მცხოვრებთა უკმაყოფილება ჩორჩანა-ყობი-კოდა-ატოცის რაიონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული საგუშაგოების განთავსების, დაძაბულობის ესკალაციის და სოფლის მაღლობზე ქართული დროშების აღმართვის მცდლობების გამო.

„ყოფითი კონფლიქტი გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებაში, რომლის დროსაც ორივე მხარემ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. შედეგად დაიჭრა ორი ადგილობრივი მცხოვრები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმი იმასაც ირწმუნება, რომ ინციდენტის შემდეგ, საქართველოს შინაგან სამინისტროს თანამშრომლებმა კოდის მცხოვრებლებზე განახორციელეს ზეწოლა და აიძულებდნენ მიეცათ ჩვენება, რომ სროლა დაკავშირებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსური სადაზვერვო ჯგუფის შესვლასთან, კატეგორიული უარის შემდეგ კი, სოფელი კოდა მთლიანად დაიკეტა ქართული და უცხოური საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიისთვის.

ერთი დღით ადრე, 6 ნოემბერს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობიდან, სადაც ქართული პოლიციის დამატებითი ძალებია განთავსებული, დაუდგენელმა პირებმა დაახლოებით 15-ჯერ ისროლეს „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის ეს განცხადება უარყო და მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაცია უწოდა.

6 ნოემბერს, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სოფელ ყობის მცხოვრებს, გენადი ბოსიკოვს, რომელმაც სროლის ფაქტი უარყო: „დღეში ოთხჯერ მაინც გარშემო ვუვლი ჩემს კარმიდამოს, სროლა რომ ყოფილიყო, პირველი მე გავიგებდი. უბრალო ფიჩხის გატკაცუნების ხმაც კი არ გამიგია და ვერ ვხვდები, ვის რაში აწყობს ამ დეზინფორმაციის გავრცელება? არანაირი სროლა არ ყოფილა“.

მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონში პოლიციის საგუშაგო განთავსდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს კვირაში რამდენჯერმე ადანაშაულებს პროვოკაციებსა და დაძაბულობის ესკალაციის მცდელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG