Accessibility links

site logo site logo

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა


ევო მორალესი

საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი. პოსტები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და გუბერნატორებმა.

ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება დროებით გადაეცა ბოლივიის სენატის ვიცე-სპიკერს, ჟანინ ანიესს. მან მოიწვია პარლამენტის საგანგებო სესია, რომელზეც ოფიციალურად გაფორმდება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეთა გადადგომა. ჟანინ ანიესი გამოაცხადებს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღსაც.

ბოლივიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ოთხი დღით ადრე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი მაშინ, როცა წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებდა.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სამი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა.

გასული კვირის ბოლოს ევო მორალესი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, თუმცა, არმიამ და პოლიციამ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც იძულებული გახდა პრეზიდენტის თანამდებობდან გადამდგარიყო.

10 ნოემბერს პოლიციამ დააკავა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები, რომლებიც ეჭვიტანილები არიან არჩევნების გაყალბებაში.

ბოლივიელებმა ევო მორალესის გადადგომა ქუჩებში საზეიმო მსვლელობებით აღნიშნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორალესმა ქვეყანა დატოვა.

ბოლივიის ფერმერთა პროფკავშირის ყოფილი ლიდერი, მემარცხენე ევო მორალესი პრეზიდენტის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG