Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ელოდება


მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრა.

გენერალური მდივნის ვიზიტი უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას. საქართველო მინისტრთა კომიტეტის ექვსთვიან თავმჯდომარეობას 2019 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს.

„მე მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო“, - განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, საყურადღებოა, რომ თავმჯდომარე ქვეყანამ პრიორიტეტად პირველად განსაზღვრა გარემოს დაცვის თემატიკა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გენერალურ მდივნად 2019 წლის ივნისში აირჩია. საქართველო ევროსაბჭოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ახალი გენერალური მდივანი ეწვია.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გააგრძელებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ. „მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, მისი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებისა და საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროსაბჭოსა და, ზოგადად, ევროპისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG