Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩორჩანა-წნელისთან შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში იმსჯელებენ


ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ბოლო ორ თვეში მეშვიდეა. შეხვედრა 12 საათზეა დანიშნული.

საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით განიხილავენ საოკუპაციო ხაზთან ვითარების დეესკალაციის საკითხს.

სიტუაცია აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ბოლო ორ კვირაში გარდაიცვალა ახალგორის რაიონის ორი მცხოვრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების მიღება თბილისის კლინიკებში სურდათ, თუმცა ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იძულებულნი არიან ჯერ ცხინვალიდან გამოძახებულ ავტომანქანას დაელოდონ, შემდეგ კი, საკმაოდ რთული გზით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში იმგზავრონ ცხინვალის საავადმყოფომდე.

ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავისუფალი წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიაზე, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.

ვითარების დეესკალაციის მიზნით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღემდე გამართული 6 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG