Accessibility links

დასრულდა "ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა


დასრულდა "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე უმრავლესობის სხდომა, რომელიც დღეს, 11 საათზე უნდა დაწყებულიყო.

სხდომის დაწყებამდე "ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დისკომფორტი უნდა შეექმნათ უმრავლესობის წევრებისთვის. "სირცხვილი", "თქვენ მოატყუეთ ხალხი", "მონებო" "წადით" - ამ შეძახილებით აცილებდნენ ისინი "ქართული ოცნების" ოფისში შესულ უმრავლესობის წევრებს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, მიახლოებოდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც უმრავლესობის წევრების ნაწილმა შენობა დატოვა. "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსიც.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG