საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შესაძლოა ბიუჯეტზე გალაშქრება იყოს:
„ეჭვი მაქვს, იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება? რომ არ მივიღოთ ბიუჯეტი, იმიტომ, რომ ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე, რომელიც ჩვენ შევადგინეთ მას მერე, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ამ ბიუჯეტის და იმ პროექტების ფონზე, რომლებსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახრორციელებს, მით უმეტეს, სტაბილურობის შენარჩუნების, მით უმეტეს, აღარ მინდა ვთქვა, მაგრამ იმ 9 წლის ფონზე, როდესაც ადამიანებმა გამოსცადეს სერიოზული რეპრესია, ამის ფონზე, ამათ, რასაკვირველია, ძალიან პატარა შანსი აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. იგი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის ჩაგდება სახელმწიფოს ღალატი და ქვეყნის უკან დახევაა:
„ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა იმის გამო, რომ იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება და გაცილებით უფრო მეტს. ასევე აქციაში მონაწილე იმავე 5 000 თუ 6 000 ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებაში საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება:
„არ არსებობს სახელმწიფოს იქით არაფერი - ეს არის ჩვენი ოჯახებიც, მომავალი თაობაც. არ მინდა პათეტიკურად გამოვიდე, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე ვფიქრობდეთ ისე, რომ არ ვიფიქროთ ქვეყანაზე. მაშინ რად უნდა ან იმ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანხის ხარჯვა, თუ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობს? ან ბიუჯეტი რა საჭიროა? ბოლო-ბოლო, მოკვდნენ, ვინც მძიმე ავადმყოფია და არც ოპერაცია ეკუთვნის, ასე არ იყო?
მთელი თანხა გადასროლილი იყო მშენებლობისკენ, კარგია, ზრდის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ხალხი გვაკლდებოდა. გაიხსენეთ, დამოკიდებულება ხალხის მიმართ როგორი იყო, სააკაშვილმა როგორი სისტემა შექმნა და იმ გავრილოვის თელაზე აწყობილი პოლიტიკით როგორ უნდა, რომ ქვეყანა დაანგრიოს, როდესაც გავრილოვი კი არა, მთელი რუსეთი შემოიყვანა აგერ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თავისი ტანკებით და ბეტეერებით, არ დაუჯერეს არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც საგზაო რუკას, არც ფინანსებს, არც პოლიტიკას და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ცუდია, რომ ახალგაზრდებს რაღაც შეიძლება კიდევ მოატყუო, არც შარვალჩახდილი ქართველები ვარგანან, რომლებიც დგანან საოკუპაციო ხაზთან და მოწინააღმდეგეს აჩვენებენ ამას ყველაფერს. არ ვარგა ეს სისტემა. სისტემა ვარგა, როდესაც ადამიანები არიან პასუხისმგებლიანი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი შეფასებით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული აქციები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „მისი მეორე ფრთის“ რევოლუციური სცენარის განვითარებაა. გიორგი ვოლსკის განცხადება პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს, 15 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული. სხდომის განსახილველ საკითხთა შორის მომავალი წლის ბიუჯეტიც იყო.