Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ქართველი ექიმი


ვაჟა გაფრინდაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს. განცხადება სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნდა:

„მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

XS
SM
MD
LG