Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ჩასვლამდე შეხვედრა თბილისში გამართეს


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა შეხვედრა 18 ნოემბერს თბილისში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა შეხვედრა 18 ნოემბერს თბილისში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან სთხოვა, ყველა ზომას მიმართონ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

ჟენევის დისკუსიის 50-ე რაუნდის მოსამზადებლად, თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა 18 ნოემბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს, 19 ნოემბერს, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები შეხვედრებს ოკუპირებულ ცხინვალში გამართავენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს ესაუბრა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზეც და თქვა, რომ ახალგორის კიდევ ერთ მკვიდრს, თამარ გიგაურს არ ეძლევა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისა და სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში.

ლაშა დარსალიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის შედეგად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა, რაც საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლესაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მწვავედ დასვა სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების უკანონო და დესტრუქციული ქმედებების, მოქალაქეთა უკანონო დაკავების და გატაცების და მავთულხლართების აღმართვის საკითხები.

საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ადგილზე მდგომარეობის გართულების გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების მოგვარების აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG