Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოივო კლაარი: არ მგონია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივად დაკავება ვინმეს ინტერესებშია


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წრამომადგენელი ტოივო კლაარი
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წრამომადგენელი ტოივო კლაარი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის წარმომადგენელს, ტოივო კლაარს იმედი აქვს, რომ ცხინვალის საპატიმროში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ კლაარმა განუცხადა რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცხინვალელ კორესპონდენტს.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ 19 ნოემბერს, ცხინვალში შეხვდნენ ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ტოივო კლაარის ინფორმაციით, მათ შეხვედრებზე დააყენეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. „რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სიტუაცია მოგვარდება და ექიმ გაფრინდაშვილს რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლებენ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი ხანგრძლივი დროით დაკავება ვინმეს ინტერესებშია“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

„ეხო კავკაზას“ ცნობითვე, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ბიბილოვის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და ამას არც მალავს. „მიმაჩია, რომ ეს არის ნაწილი საერთო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო ატარებს სამხრეთ ოსეთის მიმართ. დროა, საქართველომ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის გათვალისწინებით წარმართოს თავისი მუშაობა“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გადაწყვეტილებებს მიიღებენ „სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.“ ჯიოევის განცხადებით, ჯერჯერობით გაფრინდაშვილს ორთვიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, შემდეგ კი, სასამართლო გადაწყვეტს.

მურატ ჯიოევის თქმით, ისინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეების წინაშე დააყენებენ საკითხს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და არ აღიარებს პასუხისმგებლობას იმ ნაბიჯზე, რომელიც მიზანმიმართულად გადადგა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცხინვალში ჩასვლამდე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებს სთხოვა, ყველა ზომას მიმართონ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG