Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სასტიკი მკვლელობა სავარაუდოდ "პუტინის მზარეულთან" ასოცირებულმა ჯგუფმა ჩაიდინა


ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი(საარქივო ფოტო)
ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი(საარქივო ფოტო)

რუსეთის „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის“ წევრებს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ სირიაში ადამიანის სასტიკ წამებასა და მკვლელობასთან.

ერთ-ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა გამოცემა „ნოვაია გაზეტა“-მ დაადგინა. საუბარია სტანისლავ დ-ზე, რომლის გვარს გამოცემა არ ასახელებს მისი ოჯახის უსაფრთხოების გამო.

„ნოვაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, სტანისლავ დ. „ვაგნერის ჯგუფის“ დაზვერვაში მსახურობდა. გამოცემამ მოიპოვა ამ პირის პასპორტის ასლი, ავტობიოგრაფია, მის მიერ შევსებული „ვაგნერის ჯგუფის“ უსაფრთხოების სამსახურის ანკეტა და ხელწერილი ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ.

სირიაში მიწაზე გართხმული ახალგაზრდა კაცის უროებით, მუსიკის თანხლებით სასტიკად ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერი პირველად 2017 წელს გავრცელდა, თუმცა, კადრებში არ ჩანს რუსულად მოლაპარაკე შეიარაღებული პირების სახეები.

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელებით გავრცელდა ჩანაწერის სხვა ნაწილიც, სადაც ჩანს, რომ ნაწამებ მამაკაცს თავს აჭრიან, შემდეგ ფეხებით კიდებენ და ცეცხლს უკიდებენ. ერთ-ერთ კადრში სტანისლავ დ. ჩანს. „ნოვაია გაზეტა“ აცხადებს, რომ მზად არის მოპოვებული მასალები გადასცეს პროკურატურას, საგამოძიებო კომიტეტს და შსს-ს.

არაბული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სირიის ჰომსის პროვინციის შაირის საბადოსთან სასტიკად მოკლული მამაკაცი სავარაუდოდ, მოჰამედ ტაჰა ისმაილ ალ-აბდულაა, რომელიც სირიის სამთავრობო ძალების რეზერვში გაიწვიეს, ჯარიდან გაიქცა და მოგვიანებით დააპატიმრეს.

2017 წლის გაზაფხულზე „ვაგნერის ჯგუფის“ დანაყოფებმა ამ რაიონიდან განდევნეს ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები, რაც „ნოვაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, დადასტურებულია სირიის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის და რუსული კომპანია „ევრო პოლისის“ შეთანხმების ოქმით. ეს კომპანია ექსტრემისტებისგან საბადოების გათავისუფლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას იღებდა მოპოვებული ნავთობის და გაზის 25%-ის სანაცვლოდ.

„ევრო პოლისს“ კავშირი აქვს „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის ბიზნესსტრუქტურებთან.

სწორედ პრიგოჟინს მიიჩნევენ „ვაგნერის ჯგუფის“ მთავარ ორგანიზატორად და დამფინანსებლად. სირიაში ამ ჯგუფის სახელით მოქმედებს ასობით შეიარაღებული რუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG