Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი "წითელ ჯვარს" ოპერატიულობისკენ მოუწოდებს


„სამწუხაროდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ცხინვალის ციხეში კვლავ ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია“, - ამ ინფორმაციას დაკავებულის ოჯახი ავრცელებს. პირველად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალის ციხეში ექიმის მოსანახულებლად 18 ნოემბერს შევიდა, დაკავებიდან 9 დღის შემდეგ. ექიმს ოჯახის მიერ გაგზავნილი წერილი გადასცეს და იქიდანაც საპასუხო წერილი წამოიღეს, რომელშიც გაფრინდაშვილი შემდეგ ჯერზე მედიკამენტების გაგზავნას ითხოვდა. ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის ირინა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, წითელი ჯვრის წარმომადგენლობაში მათ ამანათი სამშაბათს, 19 ნოემბერს, დილითვე მიიტანეს, მაგრამ ამ დრომდე ეს ამანათი ციხეში ვერ ხვდება და წითელ ჯვარს ისევ პრობლემა ექმნება. ოჯახს ჰპირდებიან, რომ გზავნილს დღეს საღამოს ან ორშაბათს დილით ჩაიტანენ ცხინვალში. ოჯახის თხოვნაა, რომ პროცესი დაჩქარდეს, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილსა და ოჯახის წევრებს შორის კონტაქტი მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მყარდება. წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მუშაობს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს, ახალგორის სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG