„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის“ მცდელობად შეაფასა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარადგენენ იმ ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი“.
„თან ისე, რომ ფოჩებიც ვერ გაუკეთეს წესიერად, რადგან თუ ვინმე ამ ქვეყანაში „ოცნებას“ აკრიტიკებს, ეგრევე „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყს აწებებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით.
დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს სწორედ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც ხელისუფლება უნდა იქცეოდეს - სახელმწიფოებრივად და ქვეყნის სასიკეთოდ და „ქართულ ოცნებას“ გამოსავლად შესთავაზა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელს ყველა მხარეს უნდა აძლევდეს.
„ოცნებიდან“ გვესმის დიდი ტირადა იმის თაობაზე, როგორი ცუდი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენი ცუდი საქმე გააკეთა საარჩევნო საკითხებში. ამას მესაუბრება ხალხი, რომელიც თავად იმ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და დამფინანსებელი იყო მთელი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით მაშინ იმ არასწორ ქმედებებს. დღეს მათაც ვეუბნებით, თუ უკვე იცით, რომ ცუდი იყო, როცა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია მოატყუა და ამის გამო, მათ ხელისუფლების დათმობა მოუწიათ, თქვენ რატომ ატყუებთ ოპოზიციასაც და ქართველ ხალხსაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საუბრობს სამართლიან არჩევნებსა და სამართლიან კონკურენციაზე: „და არა იმაზე, რომ, ბიძინა ივანიშვილო, იქნებ მე ან სხვებს რამე ისეთივე მოგვიკვარახჭინო, რაც სალომე ზურაბიშვილს მოუკვარახჭინე მთაწმინდის ოლქში თავის დროზე, მერე საპრეზიდენტო არჩევნებში და ასე ვიღაც სადღაც გაამწესე. ჩვენ გვინდა სამართლიანი, ვაჟკაცური შეჯიბრი“.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის შეფასებითვე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრული გარდაუვალია, რადგან არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების მოთხოვნის გარდა, თითოეული ოპოზიციური პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ჩაატარებს: „ამიტომ, ასე არ გამოუვა „ოცნებას“, თუ ჰგონია, რომ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს და ამით ოპოზიციას დაასუსტებს. პირიქით, მიიღებს უფრო მძლავრ ოპოზიციას“.