Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ორი ოპოზიციონერი და მათი კუთვნილი, სავარაუდოდ, შეშით დატვირთული მანქანა


დააკავეს ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" ორი წევრი. მათი კუთვნილი სატვირთო მანქანა კი - რომელიც, ოპოზიციონერების თქმით, შეშით იყო დატვირთული - საჯარიმოზე გადაიყვანეს.

"ევროპული საქართველოს" რეგიონული სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი და ბესო შავაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი. შესაბამისად, მანქანა გადაყვანილია საჯარიმოზე", - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას შსს-ში და ამატებენ, რომ არ იციან, მანქანაში რა დევს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მანქანაში იყო შეშა, "რომლითაც საღამოს მიტინგისა და პიკეტის მონაწილეები შეძლებდნენ გათბობას".

"ასეთი პრიმიტიული მეთოდებით - შეშის წართმევითა თუ კასრის დაპატიმრებით, ვერც ამ პროტესტს შეაჩერებენ და ვერც ჩვენ შეგვიშლიან ხელს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულით ჩანაცვლების საკონსტიტუციო ცვლილება 14 ნოემბერს ჩააგდო. ამის გამო, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს აწყობენ და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს მოითხოვენ.

25 ნოემბერს დაგეგმილია მორიგი დემონსტრაცია და პარლამენტის პიკეტი, რომელიც ხელისუფლებამ ერთხელ უკვე დაშალა ძალის გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG