Accessibility links

ხუნდაძე ექიმებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების სამკურნალოდ გადასვლისკენ მოუწოდებს


დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ექიმ დეპუტატებსა და დარგობრივ სპეციალისტებს სთავაზობს, ბრიგადები შექმნან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების სამკურნალოდ შევიდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ ოკუპირებული რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთულის გავლება შეუძლებელია:

კაცი გადავიდა პაციენტთან და არა, ვთქვათ, რაიმე პოლიტიკური პიარის განსახორციელებლად. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიცოდეთ ექიმის ფასი. ბატონ ვაჟას თვით მტრის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი მფრინავების, რუსულ-ქართული ომის დროს, გამოჯანმრთელებაში მიუღია მონაწილეობა..

არათუ ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა გადავიდეს იქ პაციენტების სამკურნალოდ, არამედ ჩვენ, ექიმები, პარლამენტში საკმაოდ ბევრნი ვართ, არა მხოლოდ პარლამენტში, ექიმები ბევრნი ვართ, ყველას გთავაზობთ, პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით, დარგობრივ სპეციალისტებს, ბრიგადები შევქმნათ და ჩავიდეთ, გავთავისუფლდეთ ყოველგვარი პირადული, ყოველგვარი პოლიტიკური, ყოველგვარი ეთნიკური პასუხისმგებლობისაგან და ავიღოთ მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთული ვერასოდეს ვერ გაივლება, რამეთუ ის აბსოლუტურად იქნება რყევადი და ამ საზღვარს ვერასოდეს ვერ შეინარჩუნებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე.

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის ჩანაცვლების ინიციატივით 20 ნოემბერს კიდევ ერთი პროფესიით ექიმი დეპუტატი აკაკი ზოიძე გამოვიდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG