Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარე კვირა დატვირთულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამბებით, მაგრამ არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, ვიდრე ჩვენი თანამემამულეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და არ აქვთ უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა-აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განმარტებით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გამართა და გამართავს, საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იგი ბერლინიდან ესაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს და საქმის კურსში ჩააყენა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება:

„ჩემის მხრივ, დავარწმუნე ქ-ნ თამილა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლის დასახსნელად. ჩემი ყოველი სამუშაო დღე იწყება ამ საკითხით და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გავმართე და რომელსაც გავმართავ, საუბრის მთავარი თემა სწორედ ბ-ნ ვაჟას უკანონო დაკავებაა.

ბუნებრივია, ამ საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემს კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან. ქ-ნ თამილას გავაცანი გერმანული მხარის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ისინი გმობენ მომხდარს და დაგვპირდნენ, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო მექანიზმს პრობლემის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად.

მიმდინარე კვირა მართლაც დატვირთულია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამბებით - საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, იგეგმება ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა და ა.შ. მაგრამ, მერწმუნეთ, არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, ვიდრე ჩვენი თანამემამულეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ვიდრე მათ არ აქვთ უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG