Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: მე ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში ისაუბრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ შეუსრულებელი დაპირების შესახებ.

„პროპორციულ სააჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება იყო ცალმხრივი დაპირება. ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდება შეთანხმება, ან საზოგადოების რაღაც ნაწილთან ხდება შეთანხმება. ორმხრივი რაღაცის საფუძველზე თმობენ და მის შესრულებას მოითხოვენ. ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენგან ჩვენი კეთილი ნება, შეიძლება ასე დავარქვათ. იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ეს იყო ჩემი ინიციატივა. გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024 წელს. ამ დროისთვისაც მხოლოდ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით ჩაიწერა ჩვენი ინიციატივით. შეგახსენებთ, რომ უახლოეს ისტორიაში პატარა თუ დიდი პარტიები ამისკენ მოუწოდებდნენ.

2020-ში პროპორციული სისტემის ამოქმედება იყო ჩემი ინიციატივა. განცხადება გავაკეთეთ. მაჟორიტარების დამოკიდებულებაა თავშივე იყო ცნობილი, მაშინაც, როდესაც ახალ კონსტიტუციას ვღებულობდით, სადაც 2024 წელი ჩაიწერა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღწევა. მაჟორიტარებმაც დაუჭირეს მხარი, გარდა ერთეულების წინააღმდეგობისა რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. დაზიანდა გუნდი“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მუდმივად ასრულებს გაცემულ დაპირებებს.

„მე ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს და არამარტო მე, ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი თუ ადამიანი განიცდის, როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ. მაგრამ მე არც ერთი პრინციპული არ მახსოვს, რომელიც ვერ შევასრულეთ ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა პოლიტიკაში, რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ბუნებრივია, ძალიან ვუფრთხილდები, მე100-ჯერ და 1000-ჯერ ვზომავ იმას, რომ შევძლო. თუ ჰპირდები, უნდა გააკეთო. და მოხდა ეს. სამწუხარო რეალობაა, რომ მოხდა. რა თქმა უნდა, განვიცდით, განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში ყველანი. განიცდიან ისინიც, ვინც მხარი არ დაუჭირა“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG