Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანმა ლონდონში ისაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ახალგორის ჰუმანიტარულ კრიზისზე


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლონდონში სიტყვით გამოვიდა ნატოს ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ ფორუმზე „ნატოს ჩართულობა“. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს მიმართა სესიაზე, რომელიც ბალტიის და შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.

„შავ ზღვაზე სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას და ოკუპაციის შედეგებს: „ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე რთული ვითარებაა. ადამიანები იდევნებიან და მათ უკანონოდ აკავებენ. ახლაც გატაცებულია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ამ ფაქტის შესახებ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია. ჩვენ სახეზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ საკითხებზე, ჩვენ ახლაც აქტიურად ვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას”.

ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე საუბრისას დავით ზალკალიანმა თქვა, რომ ეს პროცესი ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მის დემოკრატიულ განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ნატოს წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის და აქტიურად ემზადება იმ მომენტისთვის, როცა დადგება გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო: “ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორცილებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა, საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოსგან”.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: “მუდამ გახსოვდეთ საქართველო”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG