Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი: პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოს შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი სასამართლოც კი ჰქონდეს. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების კომენტირებისას, მან განაცხადა, რომ პერსპექტივაში ხედავს გაცილებით უკეთეს სასამართლოს, ვიდრე ბევრ დასავლურ ევროპულ ქვეყანას აქვს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმავე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ბევრჯერ ექნებათ იმაში დარწმუნების საშუალება, როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ:

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ პროცედურის ჯანსაღად წარმართვისთვის. მე ვფიქრობ, იმ სტანდარტს, რომელსაც სასამართლო იმსახურებს საერთაშორისო რეიტინგებში, ექნება კვლავაც მომავალში საკმაოდ გამოკვეთილი კონტურები და ვფიქრობ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, იგივე აშშ-ს საელჩო იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაცია, კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება, დარწმუნდეს, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას მერე, რაც ეს ორგანო აბსოლუტურად მიწასთან იყო გასწორებული. მე ამის იმედი მაქვს. კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, ალბათ ჩვენც უნდა გვქონდეს, მაგრამ მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთევროპულ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცეს.

აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით 12 დეკემბერს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG