Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შესაძლოა ეს ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი წერითი სისტემა აღმოჩნდეს" - რას მალავს ნიშნები ბაშფლემის ფილაზე


ბაშფლემის ფილა
ბაშფლემის ფილა

2021 წლის შემოდგომაზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ბაშფლემის ხელოვნურ წყალსაცავთან ბაზალტის ფილა იპოვეს. მასზე უცნობი სიმბოლოები იყო ამოკვეთილი. ფირფიტა მედიცინის ისტორიის მუზეუმს გადაეცა.

სამხრეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე, ბაშფლემის ტბის ირგვლივ, დაახლოებით 4 კვადრატული კილომეტრის რადიუსში, რადარებისა და დრონების მიერ აღმოჩენილი ასამდე ყორღანი კავკასიაში არსებული ძველი ცივილიზაციებს კვალს ინახავს. არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ გათხრები იმ ფირფიტაზე დატანილი ნიშნების გაშიფვრაშიც დაეხმარებათ, ტბასთან რამდენიმე წლის წინ მეთევზეებმა რომ იპოვეს.

ქართველი ისტორიკოსების, არქეოლოგების, გეოლოგებისა და ლინგვისტების ჯგუფმა ბაზალტის ფილის კვლევის შუალედური შედეგები 2023 წელს გამოაქვეყნა, ანტიკური ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო ჟურნალში (Journal of Ancient History and Archaeology). კვლევა გრძელდება. ბაზალტის ფილაზე დატანილი სიმბოლოებით უცხოელი მეცნიერებიც არიან დაინტერესებული. წარწერის წაკითხვა დღემდე ვერავინ მოახერხა.

მკვლევრების ჯგუფი მოელის დაადგინოს, რომ ფირფიტა ძველი დამწერლობის ან პროტოდამწერლობის ნიმუშია, სურს მეტი სიზუსტით დაათარიღოს აღმოჩენა, განსაზღვროს ფილის დანიშნულება, მისი კულტურული კავშირი ბრინჯაოს ხანის საქართველოსთან.

აღმოჩენა

დმანისის ვულკანურ პლატოზე, იქ, სადაც ყველაზე ცნობილი აღმოჩენა, 8 მილიონი წლის წინანდელი, პირველი ჰომინიდის ნაშთებია, ფირფიტა ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს მაშინ, როდესაც 2021 წლის გვალვიან ზაფხულს ბაშფლემის ხელოვნურ წყალსაცავში, მდინარე მაშავერას მარჯვენა შენაკადებსა და სოფლების - მთისძირსა და ვაკეს - შორის, წყლის დონემ დაიწია. ასე გადააწყდნენ ადგილობრივი მეთევზეები ფილას უცნაური სიმბოლოებით - უსწორმასწორო კიდეებიან, თაბახის ფურცელზე მომცრო (20х24 სმ) ბაზალტის ფირფიტაზე 60 ნიშანი იყო დატანილი - მათგან 39 ერთმანეთისგან განსხვავებული.

კვლევა

მეცნიერ-მკვლევრების ჯგუფს აკადემიკოსი რამაზ შენგელია ხელმძღვანელობს. ჯგუფში შედიან აკადემიკოსი კონსტანტინე ფიცხელაური (არქეოლოგი), პროფესორი ლევან გორდეზიანი (ისტორიკოსი), პროფესორი ნიკოლოზ თუშაბარამიშვილი (არქეოლოგი), პროფესორი ნოდარ ფოფორაძე (გეოლოგი) და გია კვაშილავა (ლინგვისტი).

ჯგუფში ასევე შედის დამოუკიდებელი მკვლევარი ოთარ ზურაბიშვილი. აღმოჩენით დაინტერესდნენ უცხოელი სპეციალისტებიც - University of Wisconsin–Madison-ის საპატიო პროფესორი რიჩარდ სპროტი, რომელმაც აღმოაჩინა და კლასიფიცირება გაუკეთა მარტივ, სამგანზომილებიან, ქაოსურ სისტემებს. ისინი ახლა მთელ მსოფლიოში სპროტის ატრაქტორების სახელითაა ცნობილი და აქტიურად გამოიყენება, მათ შორის კრიპტოგრაფიაში.

აღმოჩენილი ფილა
აღმოჩენილი ფილა

ასევე დაინტერესდა ასირიოლოგიის პროფესორი ჯეიკობ დალი Wolfson College-დან და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტიდან, University of Oxford-ში. ის სპეციალიზებულია ძველ კულტურებსა და ახლო აღმოსავლეთის ენებზე, განსაკუთრებით, წერის ადრეულ სისტემებზე და წესის ტრადიციის განვითარებაზე.

რატომ მოხვდა ბაშფლემის ფილა მედიცინის ისტორიის მუზეუმში?

ეს კითხვა მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორს და ბაშფლემის ფილის მკვლევრების ჯგუფის ხელმძღვანელს, რამაზ შენგელიას დავუსვით. აღმოჩნდა, რომ მუზეუმის ფოკუსი გაცილებით ფართოა, ის არა მხოლოდ მედიცინას ეხება, არამედ არქეოლოგიას, ანთროპოლოგიასა და რეგიონის ძველი კულტურის შესწავლასაც. მუზეუმის ფონდებში ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნივთებიც ინახება, ასევე - პირველყოფილი ადამიანების ნაშთები და ეთნოგრაფიული მასალები. მუზეუმს აქვს პირობები უძველესი ქვის არტეფაქტების შესანახად, სარესტავრაციოდ და შესასწავლად.

რამაზ შენგელია
რამაზ შენგელია

„მე ამ მუზეუმის დირექტორი ვარ. ორი განათლება მაქვს, მათ შორის ერთი - ჰუმანიტარული. მკვლევარი ვარ, ჩემი ინტერესის სფეროა ისტორიის მეცნიერებები ზოგადად და მათ შორის მედიცინის ისტორია, რადგან მედიცინის ისტორია, ეს არის ისტორია ნორმებისა და პათოლოგიის, ავადმყოფობების, ომების, მიგრაციის, დემოგრაფიის, ეპიდემიის, შობადობის - აბსოლუტურად ყველაფრის. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მედიცინაა, ეს ასევე არის მედიცინის კულტურა, რასაც პრაქტიკულად ჩვენი ცხოვრების 70% უჭირავს“, - ამბობს პროფესორი შენგელია.

ზუსტად რა ვიცით ბაშფლემის არტეფაქტის შესახებ დღეს?

ბაზალტი, რომელზეც წარწერაა შესრულებული, მყარი და ძნელად დასამუშავებელი მასალაა - ჰყვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე.

„ბაზალტის ქანები აქ 7-10 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. შევისწავლეთ არეალი, ავიღეთ ნიმუშები ბაშფლემის ტბასთან. იქ ძირითადად ბაზალტის ქანებია. ქიმიური შემადგენლობა შევისწავლეთ, მინერალური, ამ მინერალების სტრუქტურა. მიკროსკოპის ქვეშ ამ ქანების ტექსტურაც ვნახეთ, - აღნიშნავს პროფესორი ფოფორაძე, - გვინდოდა გაგვეგო, იდენტურია თუ არა ეს ქანები ამ ტერიტორიაზე არსებულ ქანებთან. კომპლექსური ლაბორატორიული შესწავლის შედეგად დავასკვენით, რომ ბაზალტის ფირფიტა აქ ამოიკვეთა, ამ ადგილას“.

წარწერა კვეთის ტექნიკითაა შესრულებული. Journal of Ancient History and Archaeology-ს სტატიაში, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა, წერია, რომ თავდაპირველად ნიშნები კონუსური ბურღითაა ამოკვეთილი, შემდეგ კი კონუსურთავიანი გლუვი ხელსაწყოთი შეერთებული.

სტატიაში მკვლევრები წერენ, რომ დღეის მონაცემებით, წარწერის თარიღის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა მისი გრაფიკული ფორმისა და იმ არტეფაქტების გათვალისწინებით, რომლებიც აღმოჩენის ადგილის ზედაპირული შესწავლისას იპოვეს, წარწერა შესაძლოა მიეკუთვნებოდეს გვიანი ბრინჯაოს ან ადრეული რკინის ხანას, ეს კი ჩვენს ერამდე დაახლოებით I ათასწლეულია.

რომელ დამწერლობას ჰგავს ბაშფლემის ფირფიტაზე დატანილი სიმბოლოები?

პირველ ეტაპზე წარწერა ორ ათეულზე მეტ ენას შეადარეს. ანალიზი აჩვენებს, რომ ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა აბორიგენი კავკასიური მოსახლეობა იყენებდა, პროქართული და პროალბანური წერის სისტემების გარდა, გარკვეულწილად, ბრაჰმანულ და ჩრდილოიბერიულ ნიშნებსაც წააგავს.

სხვა დამწერლობებთან კავშირის დადგენა რამდენად ადვილი იქნება? ბევრი მათგანი ხომ შინაარსს სიმბოლოებით გადმოსცემდა. მათი რაოდენობა ალბათ მაინც შეზღუდულია და ბევრ პროტოდამწერლობაში მეორდება?

პასუხად პროფესორი შენგელია დამწერლობის კვლევის სქემას გვიხსნის:

„ყველაფერი იდეოგრამით იწყება, ანუ როცა რაღაც ნიშანი რაღაც იდეას გამოსახავს, რაღაც აზრს. შემდეგ ლოგოგრამები მოდის, შემდეგ სილაბოგრამები - გრაფემები, რომლებითაც მარცვლებს წერენ. ასე ნელ-ნელა მივდივართ ანბანამდე, როდესაც ერთი ნიშანი რაღაც ფონემას აღნიშნავს. ახლა რაც გვაქვს - ბაშფლემის ფირფიტა და წარწერა მასზე - ჩემი აზრით, რაღაც გარდამავალი ვარიანტია, სადაც იდეოგრამებიც არის, სილოგრამებიც და რომელიმე ნიშანი შესაძლოა ფონემასაც ნიშნავდეს“, - ამბობს მკვლევარი.

ბაშფლემის ფილა მედიცინის ისტორიის მუზეუმში
ბაშფლემის ფილა მედიცინის ისტორიის მუზეუმში

მაგრამ წარწერა ჯერაც ვერ გაშიფრეს, ამიტომ ამ კუთხით პროფესორი ვრცლად არ საუბრობს. თუმცა, მისივე სიტყვებით, ყველაზე მეტად წარწერა, ერთი მხრივ, ჰგავს კავკასიურ წერით სისტემას - ქართულს, ალბანურს, - მეორე მხრივ კი, ბრაჰმანულ (ინდურ) და ჩრდილოიბერიულს, იგივე ბასკურს.

„ბერბერულ ანბანთანაც ვიპოვე მსგავსება. კიდევ ვფიქრობ, რომ იქ ციფრებიცაა. თუ ასეა, შესაძლოა რამე სამხედრო ინფორმაცია იყოს. ძველ ხეთურ და ასირიულ წარწერებში ხშირად გვხვდება ტექსტები სამხედროების ან ტყვეებისა და ალაფის რაოდენობაზე. იქნებ მშენებლობის რაღაც დეტალებიც იყოს. ახლა ალგორითმის შექმნას ვცდილობთ, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს“, - ამბობს რამაზ შენგელია.

მიუხედავად იმისა, რომ ბაშფლემის წარწერა მსოფლიოში ცნობილ არცერთ ანბანს არ იმეორებს, მასში გამოყენებული სიმბოლოების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის ანბანებს გვაგონებს, ასევე გეოგრაფიულად ისე დაშორებული ქვეყნებისას, როგორებიცაა ინდოეთი, ეგვიპტე და დასავლეთი იბერია. ზოგიერთი ნიშნის ფორმა პროტოქართულ წერით სისტემებსაც ჰგავს, რომლებიც არქეოლოგ ვახტანგ ლიჩერის აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნის ბოლოს კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზე შეიქმნა.

რამაზ შენგელიას მოსაზრებას თუ გავაგრძელებთ, იმის გათვალისწინებით, რომ წარწერაში ბევრი ნიშანი, სავარაუდოდ, რიცხვებია, Journal of Ancient History and Archaeology-ის სტატიაში ასეთი ინფორმაცია ქვეყნდება: „ის (ფირფიტა) შესაძლოა აღწერდეს ამ რამდენიმე ვარიანტიდან რომელიმეს: წარმატებულ დამპყრობლურ ომებს და მიტაცებულ ქონებას; მშენებლობას და მის შედეგებს, ანუ ეს შესაძლოა ე.წ. „სამშენებლო წარწერა“ იყოს; ან იყოს რელიგიური ხასიათის წარწერა, რომელიც შესაძლოა აერთიანებს ყველა ზემოჩამოთვლილ ფორმას და რომელიმე ღვთაებას ეძღვნება“.

კითხვას აჩენს წერის მიმართულებაც - მარცხნიდან მარჯვნივ თუ მარჯვნიდან მარცხნივ? რამაზ შენგელიას თქმით, ბევრი არაფერი მიანიშნებს ბუსტროფედონზე - წერის წესი, როდესაც ერთი სტრიქონი ერთ მიმართულებით იწერება და მეორე - მეორე მიმართულებით, თუმცა ეს მოსაზრებაც განიხილებოდა.

რას ელიან მეცნიერები ბაშფლემის არტეფაქტისგან?

ყველაზე პრინციპული კითხვა, რომელიც პასუხს მოითხოვს, არის შემდეგი - ფირფიტაზე დატანილი ნიშნები მართლაც წერის სისტემაა თუ სიმბოლური ორნამენტები.

მეცნიერები ელიან, რომ დადასტურდება ნიშნების განმეორებადობა, სიმბოლოების მყარი კომბინაცია, ტექსტის მსგავსი სტრუქტურის არსებობა (ფრაზები, რიტმი, წესრიგი).

თუ დადასტურდა, ეს შესაძლოა ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი წერითი სისტემა აღმოჩნდეს.

„თუ ეს ყველაფერი წავიკითხეთ, ბოლომდე მივიყვანეთ, ველი, რომ ჩვენი წარმოდგენა ახლო აღმოსავლეთის დამწერლობებზე მთლიანად შეიცვლება. გადასახედი გახდება ახლო აღმოსავლეთის დამწერლობის ისტორია“, - ასკვნის რამაზ შენგელია.

რაც შეეხება სხვა, ძველ კულტურებთან კავშირს, მეცნიერები ელიან, რომ ფირფიტა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მესოპოტამიასთან, ანატოლიასთან, ეგეოსის ზღვასთან და ამტკიცებდეს, რომ სამხრეთი კავკასია პერიფერია კი არ იყო, არამედ აქტიურ კულტურულ კვანძს წარმოადგენდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG