მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა.
ამასთან, მისივე თქმით, ისრაელის კვირეული თბილისში მაინც ჩატარდება, ქნესეთის წევრები ბიზნესფორუმში, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.
იციკ მოშეს თქმით, საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა. ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
„ჩვენ არაფრის გვეშინია“, - თქვა მოშემ და დაამატა, რომ ისრაელი „უკვე რამდენიმე წელია საომარ მდგომარეობაშია“.
განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, რომ „არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ“:
„ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო“.
ისრაელის "მეშვიდე არხის“ ცნობით, პარლამენტის წევრები გააფრთხილეს „შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდებოდა“.
"თითოეული ვიზიტის წინ ქნესეთის წევრებს სიტუაციის შეფასებას აცნობს ქნესეთის უსაფრთხოების სამსახური, რა დროსაც დეპუტატებს განუმარტეს, რომ უსაფრთხოების მიზნით, საქართველოში მათი მოგზაურობა შეუძლებელი იყო“, - ციტირებს გამოცემა ქნესეთის განცხადებას.
თბილისში დაგეგმილი ღონისძიების მიზანი საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური და საინფორმაციო თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
2022 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით ჩაიშალა იციკ მოშეს მკვლელობა, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო შეკვეთილი. უწყების ცნობით, დანაშაული დაგეგმეს პაკისტანისა და საქართველო-ირანის ორმაგმა მოქალაქეებმა.
ისრაელის პრესა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ იციკ მოშეს მკვლელობა "ყუდსის", ირანის რევოლუციური გვარდიის ძალებს სურდათ. ეს ძალები ქვეყნის საგარეო ოპერაციებს აკონტროლებენ.
"ყუდსი" მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ლიბანში, სადაც ის მხარს უჭერს ჰეზბოლას; ღაზის სექტორში - ჰამასს; ავღანეთში კი - ირანთან დაახლოებულ პოლიტიკურ და შეიარაღებულ ჯგუფებს. ისრაელის გამოცემები წერდნენ,რომ ირანი იციკ მოშეზე თავდასხმას 2021 წელს გეგმავდა.
მასალის სათაური განახლდა სუსის განცხადების გავრცელების შემდეგ.
ფორუმი