Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპისმაგვარი დაავადებები პიკს, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლო კვირაში მიაღწევს


გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობა მიმდინარე წლის დეკემბერში ყოველკვირეულად იმატებს და პიკს, სავარაუდოდ, ბოლო კვირაში მიაღწევს.

16-22 დეკემბერს საქართველოში გრიპისმაგვარი დაავადებების დაახლოებით 70 000 შემთხვევა აღინიშნა, რაც დაახლოებით 12 000-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

“ეს მონაცემები არის სეზონური მახასიათებელი და საგანგაშოდ არ შეიძლება შეფასდეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. ეს არ მოელის, რომ წლევანდელი პიკური მაჩვენებელი შარშანდელს მიუახლოვდება.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, რომ სახელმწიფო პროგრამით უფასო ვაქცინაცია ჯერ კიდევ გრძელდება და უკვე აიცრა 91 ათასზე მეტი ადამიანი. ხოლო კომერციულ სექტორში - დიდი მოთხოვნის გამო - ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა.

“ევექსის”, “ავერსისა” და “ჯიპისის” ქსელებში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გრიპის ვაქცინა აღარ აქვთ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გრიპზე სავალდებულო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საჭირო არ არის:

„გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“.

ტესტი: გრიპის სეზონი - მითები და კონსპირაციები

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კი მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში არ დაუკავშირდნენ სასწრაფო დახმარებას, რადგან მათ კომპეტენცია სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვაა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სასრაფოში გამოძახებების საერთო რაოდენობის მესამედი გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადების მქონე პაციენტებისგან შევიდა.

“მივმართავთ მოსახლეობას - გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება.“

XS
SM
MD
LG