Accessibility links

logo-print logo-print

მეუფე დიმიტრი: დეკანოზ მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს


ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში დიდი როლი აქვს ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს პეტრე ცაავას. იგი აღნიშნავს, რომ დეკანოზმა მამალაძემ მასაც გაუგზავნა წერილი, რომლის შინაარსსაც არ ახმოვანებდა ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი:

„მე დეკანოზმა მამალაძემ მომწერა წერილი, ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსსაც ჭყონდიდელყოფილი არ ახმოვანებს – თუ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო. ამას წერდა მამალაძე, აწერდა ხელს და ეს არის შანტაჟი და იმაში, რომ მამალაძეს უხანგრძლივდება კიდევ ციხეში ყოფნა, ეს ფაქტია, რომ ჭყონდიდელყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს ამაში”, - განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ 7 იანვარს საშობაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, საპატრიარქოში პრეზიდენტის მიერ დეკანოზ მამალაძის შეწყალების მოლოდინი ჰქონდათ:

„მოლოდინი გვქონდა რომ გათავისუფლდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სინოდმა და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ რაღაც დიალოგი ვითომ პრეზიდენტთან, ეს სრული აბსურდია. საერთოდ ამ ადამიანს ახასიათებს ეს ქოსატყუილობა“, - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე დიმიტრიმ.

„მე არ ვიცი რა შეიცვალა. თვითონ პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სრულ პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემს თავზეო. პრეზიდენტის არგუმენტები, ცოტა ის მეუცნაურა, იქ პატრიარქის რაღაც სიცოცხლის ხელყოფაზე იყო საუბარი, თუმცა მე ეს იმით გავამართლე, რომ მორალური ტერორი ამ ხნის მანძილზე როგორც დეკანოზ მამალაძისგან ასევე ჭყონდიდელყოფილისგან ყოველთვის იყო“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG