Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება


ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს. ის გამოეხმაურა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას. მისი თქმით, შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობისას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაიხსნა და პროკურატურა იყო ძალიან ეფექტური.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმესთან დაკავშირებით შოთაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გადამდგარიყო, თანამდებობიდან, იყო ღირსეული ნაბიჯი.

„როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ. მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა, ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი და სტატუსები არ არის ყველაზე მთავარი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბატონმა შოთაძემაც მაშინაც მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

16 იანვრის მონაცემებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაასახელა.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 17 იანვრის ჩათვლით.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG