Accessibility links

site logo site logo

ახალი კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო სხდომას გამართავს


მგზავრები დამცავი ნიღბებით პეკინის რკინიგზის სადგურში

დღეს ჟენევაში გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის საშიში ვირუსის გავრცელებაზე. ორგანიზაციის ექსპერტები შექმნილ ვითარებას შეაფასებენ და ამის საფუძველზე გადაწყდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომის შედეგებს ელოდება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც. მისმა ხელმძღვანელებმა 20 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის საშიში ვირუსი 2019 წლის დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან. 22 იანვრის დილის მონაცემებით, ჩინეთში გარდაცვლილია 9 ადამიანი და ინფიცირებულია 440.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლენილია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს მოახლოებული აღმოსავლური ახალი წლის პერიოდში, როცა დღესასწაულის აღსანიშნავად ჩინეთში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი 2002 წელს გამოვლენილი ვირუსის, SARS-ის ერთ-ერთი სახეობაა. თავის დროზე SARS-იც ჩინეთიდან გავრცელდა, 2002-2003 წლებში პანდემია გამოიწვია და 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG