Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა


პანკისIის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა.

ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთან თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შემობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა შენობაში დაცვის თანამშრომლოებმა არ შეუშვეს.

განმარტების მიუხედავად, რომ მას პარლამენტში შესვლის უფლება ჰქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილი შენობაში მაინც არ შეუშვეს. სიტყვიერი დაპირისპირებისას მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა.

მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის, სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა.

მაჩალიკაშვილების ინტერესებს ევროსასამართლოში „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონოტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიება საქართველოში ფორმალური სახისაა.

XS
SM
MD
LG