Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: ხელყუმბარის ვერსია კიდევ უფრო არადამაჯერებელი გახდა


რა ვითარებაში ესროლა სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს? ესროლა რამდენიმე წუთში თუ რამდენიმე წამში, ოთახში შესვლის შემდეგ? იყო თუ არა ამ დროს ხელყუმბარა ოთახში? - რა ინფორმაციას ინახავს ან არ ინახავს სპეცრაზმელთა გამოკითხვის ოქმები 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით?

წლების განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული მასალების გაცნობის შემდეგ, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ (EMC) კიდევ უფრო განუმტკიცდა შეფასება, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს.

რას ჰყვება სპეცრაზმელი, რომელმაც ესროლა?

სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, პროკურატურამ რამდენჯერმე გამოკითხა, მაგრამ - დაგვიანებით (პირველი გამოკითხვა შედგა მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ).

EMC-ის თანახმად, 2018 წლის 1 თებერვლით დათარიღებულ ოქმში სპეცრაზმელი ჰყვება, რომ:

  • სოფელ დუისში სპეცოპერაცია 03:30-04:00 საათზე დაიწყო;
  • თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში (სახლის მეორე სართულზე), სროლისას, სულ ორი სპეცრაზმელი იმყოფებოდა;
  • სპეცრაზმელმა მომენტალურად შეაღო ოთახის კარი, რამაც ხმაური გამოიწვია;
  • დაახლოებით ორი ნაბიჯი გადადგა ოთახში შესასვლელად... მას მიჰყვებოდა მეორე სპეცრაზმელი;
  • ოთახში შესვლისთანავე დაინახა საწოლში ნახევრად მწოლიარე თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელსაც საბანი ჰქონდა გადაფარებული და ხელები არ უჩანდა; ​
  • იყო მოწოდება თემირლანის მისამართით, რომ ხელები ეჩვენებინა და ზედმეტად არ ემოძრავა;
  • მაჩალიკაშვილი გადაიწია მისგან (სპეცრაზმელისგან) მარჯვნივ, საწოლიდან ამოიღო ხელყუმბარა, შემდგომ ისევ გადმოიწია მარცხნივ და ცდილობდა ხელყუმბარის გააქტიურებას... ამ დროს ნასროლი ტყვია მას თავის არეში მოხვდა;​
  • თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა ხელიდან გაუვარდა;
  • გასროლის შემდგომ, მსროლელი მივიდა საწოლთან, თემირლანს გადახადა საბანი, რათა ენახა, რაიმე საფრთხის შემცველი ნივთი კიდევ ხომ არ ჰქონდა;
  • შემდეგ დატოვა ოთახი რამდენიმე წუთით;
  • ამ დროს სუს-ის სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლები მაჩალიკაშვილს პირველად დახმარებას უწევდნენ და ელოდებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

EMC-ის ინფორმაციით, იმ დროს ოთახში მყოფი სპეცრაზმელები განმარტავენ, რომ გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით - 10 წუთის განმავლობაში მოხდა... ეზოში მყოფი სპეცრაზმელები კი ამბობენ, რომ გასროლის ხმა რამდენიმე წამში გაიგეს, ძირითადი ჯგუფის მეორე სართულზე ასვლის შემდეგ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის აბსოლუტურად დაუჯერებელია ვერსია, რომ თითქმის უკვე საწოლთან მდგომმა, შეიარაღებულმა სპეცრაზმელმა, გასროლამდე, მის შვილს მთელი რიგი მოქმედებების თავისუფლება მისცა.

გასროლა სპეცრაზმელების ოთახში შესვლისთანავე რომ მოხდა, ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი. „მაშინვე ესროლეს ჩემს შვილს, როცა შევიდნენ. ჩვენ თავიდანვე ამას ვამტკიცებდით“, - ამბობს მედიკო მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედა. ის სპეცრაზმელების მხრიდან უკიდურესად უხეშ და ცინიკურ მოპყრობაზეც ლაპარაკობს.

მედიკო მარგოშვილი სპეცოპერაციის დეტალებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00

EMC-ის განმარტებით, თუკი სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს, გაფრთხილების გარეშე, ოთახში შესვლისთანავე ესროლა, ეს „კიდევ უფრო აღრმავებს“ ეჭვს, რომ ოთახში ხელყუმბარა არ იყო, ანუ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა არ ჰქონდა.

სხვა ჩვენებები და ხელყუმბარა

„გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა“, - აცხადებს EMC გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით.

ამ კონტექსტში ორგანიზაცია საყურადღებოდ მიიჩნევს იმ სპეცრაზმელის კიდევ ერთ - 2019 წლის 6 აგვისტოთი დათარიღებულ - გამოკითხვას, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.

  • EMC-ის ცნობით, სპეცრაზმელმა თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით მან აიღო ხელყუმბარა (რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილს დაუვარდა და რომელსაც მორგებული ჰქონდა ასაფეთქებელი ფალია) და გადადო შესასვლელი კარის მარცხნივ პატარა ხალიჩაზე - „მხოლოდ ამის შემდგომ მოახდინეს გამნაღმელებმა ხელყუმბარის განმუხტვა“;​
  • EMC-ის ცნობით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ცვლილება სწორედ დაინტერესებული სპეცრაზმელების მიერ მოხდა - „ცხადია, რომ დანაშაულის ადგილზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ფალსიფიცირების შესახებ ჩვენი ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა“.
მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონდა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00

მალხაზ მაჩალიკაშვილს სჯერა, რომ სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება და ყველა გაიგებს, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონდა.

„სწორედ ხელყუმბარის ხსენებამ (რომ თითქოს თემირლანს ის ჰქონდა...) ჩააგდო საზოგადოება ეჭვში და შეხედა ამ საქმეს ეჭვის თვალით... ხელყუმბარა ოთახში საერთოდ არ ყოფილა, ხელყუმბარა მერე შემოიტანეს“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გამოკითხვის ოქმებში EMC კიდევ არაერთ საფუძველს ხედავს იმ ვერსიის სასარგებლოდ, რომ გასროლამდე, თემირლან მაჩალიკაშვილს ოთახში ხელყუმბარა ჰქონდა:

  • ოთახის გარეთ მდგომმა სპეცრაზმელებმა გასროლის ხმა მოულოდნელად გაიგეს და ასევე, ისინი არაფერს ჰყვებინ მსროლელი სპეცრაზმელის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილთან კომუნიკაციის შესახებ (EMC-ის განმარტებით, მცირე დაშორების გამო, მათ ეს უნდა გაეგოთ, თუკი ასეთი რამ მართლაც იყო) - „რაც ბუნებრივია ოთახში ხელყუმბარის არარსებობაზე ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს“;
  • სოდ-ს (სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს) დაახლოებით ორსაათიანი აბსოლუტური კონტროლი ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახზე და, შესაბამისად, მათ შეეძლოთ ყველაფრის გაკეთება, მათ შორის - ხელყუმბარის ჩადებაც;
  • ვერცერთი პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში ჩხრეკის ჩატარების პროცესში, ვერ იხსენებს სისხლის კვალს ხელყუმბარაზე - რაზეც მოგვიანებით ექსპერტიზამ განაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხელყუმბარა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ააფეთქეს, ვარგისიანობის დადგენის მიზნით.

„ფორმალური და ილუზორული“ გამოძიება

„გამოკითხვის ოქმების შეფასებამ აჩვენა, რომ გამოძიება უფრო მეტად ფორმალური და ილუზორულია... სპეცრაზმელების მიმართ არ არის დასმული ძალიან მნიშვნელოვანი დამაზუსტებელი კითხვები“, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელი, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თამთა მიქელაძე.

EMC-ის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს სპეცრაზმელისთვის არ დაუსვამს არსებითი მნიშვნელობის შეკითხვები და ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია შემდეგი გარემოებები:

  • „რომელი კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა“;
  • „თუკი თემირლან მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა ის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაეაქტიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში“;
  • „პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში“;
  • „რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თ. მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და სხვაგვარი ზიანის მიყენებით არ შეეცადა მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას“;
  • „რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება“.

შესაბამისად, EMC საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და სპეცრაზმელების ხელახალ გამოკითხვას მოითხოვს. მაჩალიკაშვილების ოჯახს სტრასბურგის სასამართლოს იმედი აქვს და, პარალელურად, ისევ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ხედავს.

თამთა მიქელაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:22 0:00

EMC-ის პროკურატურამ მასალები 2020 წლის 10 იანვარს მიაწოდა, მაშინ როცა ორგანიზაცია ამ მასალებს მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

„მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 8 იანვარს დაიწყო საქმის არსებითი განხილვა და საქართველოს მთავრობას მოსთხოვა დეტალური ინფორმაცია და მათ შორის - საქმის მასალები სრულად, ჩვენ დაგვიკავშირდა პროკურატურა და გვითხრა, რომ ის საიდუმლო მასალები, რომლებსაც ჩვენ 2 წლის განმავლობაში პროკურატურისგან ვითხოვდით, ხელმისაწვდომია ჩვენთვის და შეგვიძლია ამ მასალებს გავეცნოთ“, - განმარტა თამთა მიქელაძემ.

რადიო თავისუფლებამ მიმართა გენერალურ პროკურატურას, მაგრამ ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე - ახლა, ამ ეტაპზე რამ განაპირობა საიდუმლო მასალების გასაჯაროება და იზიარებს თუ არა უწყება EMC-ის შეფასებებს გამოძიების ფორმალურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG