Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3%-ით შემცირდა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

2020 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 314,079 მგზავრს მოემსახურა. რაც 3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელს 324,552 მგზავრი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, იანვარში მგზავრთნაკადი თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა სხვა საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის იანვარში 211,590 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი - მგზავრი 252,176). ამის მიზეზად "აეროპორტების გაერთიანება" რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 8 ივლისს საჰაერო მიმოსვლის ცალმხრივად შეჩერებას ასახელებს. ასევე, მიზეზთა შორის სახელდება ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.

2020 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი - 55,895 მგზავრი).

თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001-მა მგზავრმა ისარგებლა. რაც 38%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი - 15,973 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 60%-ით გაიზარდა და 641 მგზავრი შეადგინა (2019 წლის იანვარი - 401 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 3 წლის გახდა, გასულ თვეს 88 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით შემცირდა (2019 წლის იანვარი - 107 მგზავრი). ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება ავიარეისების რაოდენობის კლებას ასახელებს. უამინდობის გამო იანვარში ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით მხოლოდ 7 რეისი შესრულდა, რაც 22%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით (2019 წლის იანვარი - 9 რეისი).

ადგილობრივ აეროპორტებში, მგზავრთნაკადის კუთხით, 2020 წლის იანვარში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა. მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები იანვარში ჯამში 729 მგზავრს მოემსახურა, რაც 44%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი - 508 მგზავრი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG