საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გვირგვინით შეამკო გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და იუნკრებს მიმართა.
„25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. ის ბრძოლა იმ დღეს დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ეს ომი გაგრძელდა, გაგრძელდა 1921 წლის შემდეგაც, როცა აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, იბრძოდა მთელი ქვეყანა, ყველა რეგიონი. ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის სული არ გამქრალიყო. ომი გაგრძელდა ქვეყნის გარეთაც, რადგან კაპიტულაციაზე ხელი არავის მოუწერია. დამოუკიდებლობის სული იმ ქართულ ემიგრაციაშიც გაგრძელდა, სადაც გენერალი კვინიტაძე, ამ აკადემიის სულისჩამდგმელი და ქართული ჯარის ღირსეული წარმომადგენელი დამოუკიდებლობის სულს ქადაგებდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტმა თქვა, რომ 25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, რადგან ამის შემდეგ მოვიდა გამარჯვება - 1991 წელი, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის: „გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენს წინაშე როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ. ისინი დღეს თქვენით, საქართველო კი, მათი გმირობით ცოცხლობს და მისი დამოუკიდებლობა უკვდავია. გაუმარჯოს დაღუპულ გმირებს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გახსნა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო-საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა. პრეზიდენტმა აკადემიას გადასცა გენერალ კვინიტაძის მიერ პარიზში გამოცემული მემუარები და კვინიტაძის ქალიშვილის მიერ აბრეშუმზე მოხატვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.