Accessibility links

მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს გაგრძელდება


მარიანა ჩოლოიანი

ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 თებერვალს, დაიწყო. სხდომა 4 მარტისთვის გადაიდო. როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სხდომის გადადების მიზეზი ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გახდა:

"ბრალდების მხარემ წარადგინა შუამდგომლობა, რითაც ითხოვდა დამატებითი მტკიცებულების დართვას განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად დაცვის მხარემ მოითხოვა გონივრული ვადა, რათა გაეცნოს წარმოდგენილ შუამდგომლობას და შუამდგომლობაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ მიზნით მოსთხოვა სასამართლოს ვადა და პროცესი გადაიდო", - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

სხდომას არ დასწრებია ბრალდებული - ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი კლინიკაში რჩება.

„მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმაზე მეტს, რომ იგი გადის შესაბამის მკურნალობას, ვერაფერს გეტყვით. სასამართლო პროცესს რაც შეეხება, ჩვენ აუდიენცია გვქონდა მარიამ ჩოლოიანთან. მისი პოზიციაა, რომ საქმე არ გაჭიანურდეს და საქმის განხილვა გაგრძელდეს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა სასამართლოში პროცესის დაწყების წინ. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარე სამართლებრივი ბრძოლისთვის მზად არის, რათა გამომძიებლის უდანაშაულობა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზევე დადასტურდეს და „სპეკულირებას საბოლოო წერტილი დაესვას“.

მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 26 თებერვალს ღამით გადაიყვანეს. ადვოკატების ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამატებით დასჭირდა გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ვერ მოხერხდა.

მარინა ჩოლოიანი არ დასწრებია არც 12 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც იმსჯელეს მისთვის მტკიცებულებების დასაშვებობისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გადახედვის საკითხზე. სხდომის წინ მან სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG