იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ. მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს დაბრუნება.
„კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან იტალიის რესპუბლიკაში, მაქსიმალურად დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, იყვნენ თვითიზოლაციაში, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.
რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან როგორც იტალიის, ასევე სხვა მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა) და ასევე ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, სამინისტრო მოუწოდებს, დაიცვან დადგენილი პროცედურები.
რომიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 10 მარტს, ჩამოფრინდება Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ჩამოვლენ.
საქართველოში კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 15 შემთხვევა არის დადასტურებული. 7 მათგანი უკავშირდება იტალიაში მოგზაურობას (აქედან 6 წარმოადგენს უცხოეთში ერთად ნამყოფი ორი ოჯახის კლასტერს).