Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გამოთქვამს ეჭვს, რომ რუსეთის მედია კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს


ევროკავშირი გამოთქვამს ეჭვს, რომ რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი მედია კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. მოსკოვი ცდილობს ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა გახლიჩოს, მათში პანიკა და ევროპული სამედიცინო სისტემის მიმართ უნდობლობა დათესოს. ასეთ მოსაზრებას შეიცავს ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის ანგარიში, რომელსაც Financial Times-ი და The Telegraph-ი გაეცნენ.

ინფორმაცია ძირითადად ვრცელდება ევროპულ ენებზე - ინგლისურად, ესპანურად, ფრანგულად და გერმანულად, ნათქვამია ანგარიშში. ევროკავშირის სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღმოჩენილია დეზინფორმაციის გავრცელების, სულ მცირე, 80 შემთხვევა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, მოსკოვი ყალბ ცნობებს ერთ თემაზე კი არ ავრცელებს, არამედ ერთმანეთს უპირისპირებს ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებს, რათა საინფორმაციო ქაოსი შეიქმნას.

ევროპის საგარეო კავშირების სამსახურმა როიტერსს უარი უთხრა კომენტარზე. მაგრამ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამსახური კონტაქტში იმყოფება საინტერნეტო გიგანტებთან, როგორებიცაა Google-ი, Facebook-ი, Twitter-ი და Microsoft-ი, მათთან კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციაზე სათათბიროდ.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა ევროკავშირის შესაძლო ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა. თებერვლის ბოლოს ფეიკების გავრცელების შესახებ AFP იტყობინებოდა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ამ ინფორმაციას „საგანგებოდ შემოგდებული“ სიყალბე უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG