სომხეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი თვით, 14 მაისამდე გააგრძელა კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 14 აპრილს იწურებოდა, მაგრამ სომხეთის ხელისუფლებამ 13 აპრილს განაცხადა, რომ ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისა და ბიზნესსაქმიანობის სერიოზული შეზღუდვა არსებითია სახიფათო ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის.
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში სომხეთის მთავრობას უფლება აქვს, გამოიყენოს სასტუმროები და სხვა კერძო ობიექტები კარანტინში მყოფი ადამიანების განთავსებისთვის.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ გააუქმა თითქმის ყველა შეზღუდვა, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის შემოიღეს კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
„თუ შემდგომი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდება ე.წ. ფეიკ ნიუსების სწრაფი გავრცელება, ჩვენ კვლავ შემოვიღებთ მსგავს შეზღუდვებს“, - განაცხადა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა.
სომხეთის საგანგებო შტაბის ცნობით 14 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა.