Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიამ დაასახელა თანხა, რომელზეც საერთაშორისო დონორებთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია


„დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. როგორც პრემიერი ამბობს, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია.

პრემიერი, გარდა ამისა, მადლობას უხდის ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს. „ეს არის ყველა ის დონორი ორგანიზაცია, რომელთან მოლაპარაკების შედეგად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ამ დონორების მხრიდან ეკონომიკის მხარდაჭერის, ინექციის სახით შემოსული იქნება 1.5 მილიარდი აშშ დოლარი. ეს არის დაახლოებით ის რიცხვი, რომელზეც ამ დონორ ორგანიზაციებთან შევთანხმდით, პირველადი შეთანხმების საფუძველზე. ეს დახმარება და ინექცია განხორციელდება წლის ბოლომდე მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით. ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომელიც მიმართული იქნება როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში“, - თქვა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის მეთაური იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოს საფინანსო და საბანკო სექტორთან, რასაც საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვას უკავშირებს.

„მათთან [საფინანსო და საბანკო სექტორთან] ერთად, მათი თხოვნით და, რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერის მიზნით, იგივე სახის მოლაპარაკებები ჩვენ გვქონდა იგივე დონორ ორგანიზაციებთან, რომლებმაც ასევე დამატებით განაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ 1.5 მილიარდი აშშ დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჭირო კერძო და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის ათვისება“, - განმარტა დამატებითი შეთანხმების საკითხი პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გახარია ამბობს, ეს იყო მძიმე, სამკვირიანი მოლაპარაკებები.

„გამოვიყენეთ მისაღები და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი, არაერთგვაროვანი ხერხები და მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ეს არის ძირითადი საბაზისო პორტფელი კრიზისული დახმარების. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ პირველადი შეთანხმება შეიძლება ჩაითვალოს მიღწეულად“, - აცხადებს გახარია.

როგორც პრემიერმა დასძინა, პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმა სხვა ისტორია და სხვა გეგმის ნაწილია. „დარწმუნებული ვარ, ამისთვის საქართველო შეძლებს დამატებითი ფინანსების მოზიდვას“, - დაამატა პრემიერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG