Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს გადაცილებულები დამატებით 25 ლარს მიიღებენ


2021 წლიდან ყველა პენსიონერს გარანტირებულად პენსია 20 ლარით გაეზრდება, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს - 25 ლარით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე.

გიორგი გახარიას სიტყვებით, პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად და არ იქნება ინფლაციის მაჩვენებელზე ნაკლები.

ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული როადენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს - 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზრდილი პენსიით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება 410 ათას პენსიონერს.

საქართველოს მთავრობა წარმოადგენს კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ზომებს.

ხელისუფლება დღესვე წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმასაც.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG