Accessibility links

გიორგი გახარია: მსუბუქი ავტომობილების საშვებთან დაკავშირებით შეცდომები იყო


ნაწილობრივ გასაგებია ჩემთვის, ობიექტურიც არის, დილით იღვიძებ და ამდენი მანქანა მოძრაობს, ეს არასამართლიანია და გასაგებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობის მიერ სპეციალური საშვების გაცემის პრინციპთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

მაგრამ, მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში „კონტროლის ინსტრუმენტები არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც თითოეულ ჩვენგანს ჰგონია“. მეორე მხრივ კი, შეუძლებელია უამრავი სერვისის გაჩერება, „მაღაზიების გამყიდველებით დაწყებული, სააფთიაქო მენეჯმენტით დამთავრებული“.

„აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო, საეკლესიო მსაუხურებისთვის არ მიგვეცა, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ, ეს არის ის კომპრომისები და ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას, ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ, ჩვენს შემთხვევაში არის, რომ სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, არ მოეწონა ის სურათი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდგომ თბილისში იყო, „მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა“.

„სამსახურში რომ მოვდიოდი, 5-6-7 მანქანის ნომერს ვამოწმებინებდი - ყველას საშვი ჰქონდა. დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები. სპეციალურად ამოვიღე და ყველაზე დიდი რაოდენობით საშვები გაქვთ მედიას. ასობით კი არა, ათასობით და მერე ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედიამ და სინამდვილეში პოლიტიკოსმა ეს გამოიყენა ლაივებისთვის და ადამიანებს აღიზიანებდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, საშვებთან დაკავშირებით შეცდომები იყო და იდეალური არაფერი არ არის, შეუძლებელია „2-3 დღეში იდეალურად მომუშავე ინსტრუმენტის გაკეთება“. და ამიტომ არის საკითხები, სადაც „ერთმანეთს ცოტა უნდა დავუთმოთ“.

გიორგი გახარიას განმარტებით, მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებით შეზღუდვის დაწესების მიზეზი მობილობის მკვეთრად შემცირება იყო.

ეს არ იყო ჩვენი ახირება, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა გაგვეგრძელებინა კიდევ 1 კვირით... უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - აღდგომის დღესასწაულების შემდგომ ადამიანების შეკრების ის ხარისხი, რომელიც გვქონდა, არის რისკის შემცველი და მობილიბის დაბალი დონის ერთი კვირა შენარჩუნება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკი შეგვემცირებინა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, ბზობის შემდგომ პერიოდზე დაკვირვებით, „აღდგომის შემდგომაც აფეთქება რომ არ ყოფილიყო“, მთავრობამ გადადგა ამკრძალავი ნაბიჯი.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 24 აპრილს წარადგინა კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ზომებისა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG