ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ედიშერ ასათიანის განცხადებით, კლინიკაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეყვანილ 2 პაციენტს კორონავირუსი თითქმის დამარცხებული აქვს.
„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება ითქვას, რომ პაციენტებს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ“, - განაცხადა ედიშერ ასათიანმა. მისი თქმით, ეს ორი პაციენტი საავადმყოფოში გუშინ, 24 აპრილს მოთავსდა.
მთლიანობაში, ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ჯამში, 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არსებული ინფორმაციით, კლინიკას დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.