Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა?


დღეიდან თბილისი ღიაა საავტომობილო მოძრაობისთვის, ასევე ყველა იმ მაღაზიას, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს, მთავრობამ ვაჭრობის უფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც შენარჩუნდა ვირუსის გავრცელების დაბალი ტენდენცია, კვლავ აკრძალული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და რიგი ეკონომიკური საქმიანობა.

რატომ არ აჩქარებს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას? - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობა ბოროტად სარგებლობს შეზღუდვებით და არა მოსახლეობის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

„ყველა ქვეყანაში, სადაც პანდემიის წინააღმდეგ ზომებს ატარებენ, გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ამოსავალი წერტილია ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობა. ჩვენს შემთხვევაში, რა შესაძლებლობაც გვაქვს სამედიცინო კუთხით, მათი 20 პროცენტიც არ არის ათვისებული. ამ ფონზე, როცა ასეთი დაბალია ვირუსის გავრცელება, გამოდის, რომ საგანგებო მდგომარეობის დატოვება არის დანაშაული“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთო კახიძე, რომელიც იმ პოლიტიკოსებს შორისაა, ვინც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საფუძველს ვერ ხედავს.

საგანგებო მდგომარეობა ათიათასობით მოქალაქეს ისევ შემოსავლის გარეშე ტოვებს. კახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობას ყურადღება გადაადგილების და საქმიანობის შეზღუდვიდან თავისუფლების პირობებში უსაფრთხოების ნორმებზე უნდა გადაეტანა. მაგალითად, პირბადეების ტარების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებასა თუ დისტანციის წესის დაცვის მოთხოვნაში.

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მიიჩნევენ, რომ კომენდანტის საათი და მანქანით გადაადგილების შეზღუდვა მოსახლეობას „თავის გადარჩენის“ საშუალებას არ უტოვებს.

„კომენდანტის საათს აქვს მხოლოდ ერთი დატვირთვა - საომარი სიტუაცია, როცა კრიმინალის კონტროლი შეუძლებელია. ახლა გამართლება არ აქვს და საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული მაინც ხდება და ახლა ადამიანების თავისუფლების აკრძალვისკენაა მიმართული“, - ამბობს ხატია დეკანოიძე და დასძენს, რომ მოსახლეობამ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აჩვენა და ამ წესის გაუქმებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდება.

ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია უმრავლესობისთვის. უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და არა ერთიანად, როგორც ეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით მოხდებოდა.

„შეფასებები, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, აბსოლუტურად აბსურდულია და რეალობას არ შეესაბამება. ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს მოცემულობიდან გამომდინარე... ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიფრთხილე დავკარგოთ და დავუშვათ ისეთი შეცდომები, რამაც შესაძლოა მდგომარეობა გაართულოს“, - ამბობს კახიანი.

დეპუტატი ამბობს, რომ, მისი ვარაუდით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების საჭიროება არ იქნება, თუმცა საბოლოო პასუხი ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ეცოდინებათ.

„ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - დასძენს ის.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. 31 მარტს დაწესებული შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაზე თუ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გამოსვლის შეზღუდვა ამ დრომდე მოქმედებს. დაახლოებით ორი კვირის წინ მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმა წარადგინა. ეტაპებს შორის ორკვირიანი ინტერვალია.

XS
SM
MD
LG