საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა პოლიციის პრეფექტურებს მიმართა, პარიზში, მდინარე სენის და სენ-მარტენის არხის სანაპიროზე ალკოჰოლის სმა აკრძალონ.
კასტანერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა სააგენტო ფრანს-პრესის ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ სვამენ სანაპიროზე ჯგუფებად შეკრებილი პარიზელები ღვინოს და ლუდს და სოციალურ დისტანციას არღვევენ. შინაგან საქმეთა მინისტრი წერს, რომ ამ უპასუხისმგებლო საქციელმა განაპირობა აკრძალვის შესახებ პოლიციისადმი მისი მიმართვა.
საფრანგეთში 11 მაისიდან მოიხსნა კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი ზოგიერთი შეზღუდვა. ისევ თავისუფლად შეიძლება ქუჩაში გასვლა და სეირნობა. გაიხსნა მაღაზიები. ამასთან, ყველას მკაცრად მოეთხოვება სოციალური დისტანციის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საფრანგეთი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 177 000-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაიცვალა 26 600-ზე მეტი ადამიანი.