Accessibility links

თალაკვაძე რიშის, კინზინგერის და ფასილიტატორების განცხადებებს გამოეხმაურა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა 8 მარტს ოპოზიციასთან გაფორმებული შეთანხმების შესრულების საკითხზე ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პროცესის ფასილიტატორების შეფასებების შესახებ.

შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ სენატორ რიშის პოზიციას თალაკვაძემ ასე უპასუხა: „რაც შეეხება ბატონ ჯეიმს რიშს, ის ამბობს, რომ „ველოდები სრულად შესრულდეს შეთანხმება“. ჩვენც ველოდებით, არა მხოლოდ ველოდებით, არამედ მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ დაანებოს თავი შეთანხმების ჩაგდების მუქარას და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

მეორე, ის ამბობს და ნიშანდობლივია, რომ პარტიებს მოუწოდებს და არამხოლოდ ხელისუფლებას.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში დედაქალაქის ბიუჯეტის 10%, რომ გაფლანგოს მერმა, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამ ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიეცეს? ან კაპიტოლიუმზე, რომ მიიტანოს ადამიანების ძალადობრივმა ჯგუფმა შეტევა, თუ შეიძლება ეს ადამიანები დაკვალიფიცირდნენ, როგორც პოლიტპატიმრები.

სენატორ რიშთან აუცილებლაად გვექნება მეგობრული დისკუსია ამ საკითხებზე. უდავოა, რომ სენატორი საქართველოს მეგობარია და, რა თქმა უნდა, მას არგუმენტები და რეალობა რაც არის, მას მიეწოდება ჩვენგან“.

კონგრესმენ კინზინგერის შესახებ კი თალაკვაძე ამბობს: „მან უბრალოდ გამოთქვა მოლოდინი, დაუკვირდით, ორივე განცხადებაში პირველ პრიორიტეტად არის დასმული, რომ ისინი მოუწოდებენ მხარეებს, შეასრულონ შეთანხმება, ხელისუფლებას კი არ მოუწოდებენ, არღვევ და შეასრულეო. ისინი თვლიან, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიცია, როგორც იქცევა, ეს არის ერთგვარი საფრთხის შექმნა ამ შეთანხმების მისამართით. ეს ბატონ კინზინგერზე“.

პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადებას თალაკვაძე სენატორის განცხადებისგან განასხვავებს. „ის არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, მას შეფასების გაკეთების სრული შესაძლებლობა აქვს, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ აქ უნდა შევხედოთ ფასილიტატორების, საელჩოს პოზიციას, რომელმაც პრაქტიკულად მიგვითითა იქითკენ, რომ ტექსტი წაიკითხეთ ისე, როგორც წერია“.

წამყვანის შეკითხვას, რომელიც ფასილიტატორების განცხადების იმ ნაწილს ეხებოდა, რომელშიც ნათქვამი იყო: „[შეთანხმების] მეორე [ნაწილი] კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს“. ეს აღქმა არის? თალაკვაძე პასუხობს: რა თქმა უნდა. „ჰგავს“, აბა რა არის?! თქვენ რომელიღაც სერიალის გმირს ჰგავხართ, ეს აღქმაა თუ რეალობა?! თქვენ, როგორც მახსოვს, მონაწილეობთ ფილმში - ეს აღქმაა თუ რეალობა?!

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. მას „ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.

„მშვენივრად არის ნათქვამი; აუცილებელია, საბოლოოდ განხორციელდეს ეს შეთანხმება და წინ გადაიდგას ნაბიჯები“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიში წერს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ“.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG