Accessibility links

საქართველოში ყველაზე მეტ ფულს სურსათსა და სასმელში ხარჯავენ, ყველაზე ცოტას - განათლებაში


საქართველოს მოქალაქეები ფულს ყველაზე ნაკლებად განათლებაში ხარჯავენ. ამას აჩვენებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში „ცხოვრების დონის მაჩვენებლები 2019“.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება.

2019 წელს საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 175.3 ლარს, ხოლო ერთ სულზე 336.1 ლარს შეადგენდა.

შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 84.5% შეადგინა.

შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 781.1 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 470.2 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლის ტიპის დასახლებებში.

2019 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (48.7%). მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები და დახმარებები (19%), შემოსავლები თვითდასაქმებიდან (11.4%) და საჩუქრად მიღებული ფული (8.8%).

რაც შეეხება ხარჯებს, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 146.1 ლარს, ხოლო ერთ სულზე 327.7 ლარს უტოლდება.

ხარჯების მოცულობაც გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენდა. სოფლის ტიპის დასახლებებში ეს მაჩვენებელი 455.7 მილიონი ლარი იყო.

2019 წელს ხარჯების ყველაზე დიდი წილი, 37.8%, მოდის სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე და ყველაზე მცირე, 2.8%, განათლებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG