Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიასთან მოშიმშილე აქტივისტმა კარავი შენობის შესასვლელთან გადაიტანა


აქტივისტი ალექსანდრე მილორავა 29 მაისიდან შიმშილობს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით
აქტივისტი ალექსანდრე მილორავა 29 მაისიდან შიმშილობს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ, რომელიც მეოთხე დღეა აჭარის ტელევიზიის შენობასთან შიმშილობს, კარავი შენობის შესასვლელთან გადაიტანა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„თანამშრომელი გამოვიდა, სახელი არ მახსოვს, სირაძე თქვა გვარი, რომელმაც თქვა, რომ ფეხს მიარტყამდა ჩემს კარავს და გადამაბიჯებდა. რა თქმა უნდა, მე ამაზე რეაგირება მქონდა და შემდეგ აქციის სხვა მონაწილეები ჩაერთნენ და მოჰყვა კამათი ამ საკითხს“, - უამბო რადიო თავისუფლებას ალექსანდრე მილორავამ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. მილორავასთვის უცნობია, ვინ გამოიძახა სამართალდამცავები, თუმცა, ვარაუდობს, რომ პოლიციას მანამდე დაურეკეს, შენობის შესასვლელთან კარვის გადატანის გამო.

უშუალოდ ალექსანდრე მილორავასთან პოლიციელები არ მისულან: „სახელი და გვარიც კი არ უკითხავთ, არც ჯანმრთელობა. საერთოდ, ჩემს ჯანმრთელობას არავინ ყურადღებას არ აქცევს. არც სასწრაფო მოდის, არც ჯანდაცვის სამინისტროდან არ მოდის წარმომადგენელი“.

ალექსანდრე მილორავა, რომელმაც შიმშილობა 29 მაისს დაიწყო, მოითხოვს აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომას სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის და ჟურნალისტების დევნის და საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების და ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო.

ალექსანდრე მილორავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს, 12 საათზე ამოიწურა მის მიერ ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გიგა ჩხარტიშვილისთვის მიცემული ვადა, რომლის განმავლობაში, მას საბჭოს სხდომა უნდა მოეწვია და განეხილათ კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი. მილორავას თქმით, მოთხოვნაზე პასუხიც კი არ მიუღია, ამიტომ აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა, სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადოს.

საბჭოს 5-დან 3 წევრი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კვოტითაა არჩეული. სწორედ მათი მხარდაჭერით, 2019 წლის შემოდგომაზე გიორგი კოხრეიძე გახდა აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი. მის წინამორბედს, ნათია კაპანაძეს სამეურვეო საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე.

დირექტორად დანიშვნიდან მალევე ჟურნალისტების ნაწილმა კოხრეიძე დაადანაშაულა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG