Accessibility links

ადვოკატი: თორაძეების საქმით პროკურატურას ბინძური კამპანიის ასაგორებლად იყენებენ რურუას წინააღმდეგ


გიორგი რურუა

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ თორაძეების საქმის წინ წამოწევით ხელისუფლებამ გიორგი რურუას მიმართ წამოიწყო ბინძური კამპანია და ამაში პროკურატურას იყენებს. როგორც მან თამარ თორაძის ამერიკაში დაკითხვის საკითხის კომენტირებისას მედიასთან განაცხადა, საქმეზე მისთვის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რაც საჯაროდ ითქვა. ადვოკატის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეში გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და ამის გადაფარვას ხელისუფლება ვერ შეძლებს:

„ამ შემთხვევაში ხელისუფლება პროკურატურას იყენებს ისე, როგორც იყენებს ტროლების ფაბრიკა-ქარხნებს და ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას გიორგი რურუას წინააღმდეგ. მაგრამ ეს ვერ უშველის პროკურატურას, რადგან ამ განსახილველ საქმეში, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს, გიორგი რურუა არის უდანაშაულო, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ვერ გადაფარავს ხელისუფლება ვერანაირი ბინძური კამპანიით, მოგონილი ტყუილებითა და ჭორებით.

გიორგი რურუას მიმართ, სხვადასხვა ინფორმაციების და ჭორების გავრცელება დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ ის უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და პოლიციელებმა მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება თორაძეების მკვლელობის გახმაურებულ საქმეს, ადვოკატი ამბობს, რომ მას მოსმენილი აქვს თავად თორაძეებს შორის 1992 წელს ჩაწერილი საუბარი, სადაც ისინი გიორგი რურუაზე არ საუბრობენ:

„ისინი საუბრობენ მათსა და სხვა პირებს შორის დაპირისპირებაზე და იქ ახსენებენ სხვადასხვა სახელებს, მაგრამ არ ახსენებენ გიორგი რურუას. რატომღაც ახლა გაახსენდა მათი ოჯახის წევრს რურუა, რომელიც დაკავებულია უკანონოდ და წარმოადგენს პოლიტიკურ პატიმარს“, - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს გაგრძელდა „მთავარი არხის“ წილის მფლობელის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

თორაძეების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს მიმართა და ამის შესახებ განცხადება 2 ივნისს გაავრცელა.

პროკურატურის თანახმად, თამარ თორაძე, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიების დაწყებას ითხოვს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და აშშ-ში ცხოვრობს და მისი დაკითხვისთვის საქართველოს პროკურატურას ამერიკელი კოლეგების დახმარება დასჭირდა.

თამარ თორაძე თავისი ძმების მკვლელობაში „მთავარი არხის“ წილის მფლობელს გიორგი რურუას და მის დაჯგუფებას ადანაშაულებს. მისი თქმით, იგი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით კი არა, მკვლელობების გამო უნდა იყოს გასამართლებული. ამის თაობაზე თამარ თორაძემ სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა. მანვე 17 მაისს მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ფეისბუკში ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პროკურატურის სახელზე.

ტრაგედია, რომლის შედეგადაც თორაძეების ოჯახის 5 წევრი დაიღუპა, 2 კი გაუჩინარდა, 1992 წლის მარტში მოხდა.

2019 წლის ნოემბერში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რურუას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია და მის გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG