სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვილია“ ინფორმაციით, წუხელ თბილისში აქტივისტები დააჯარიმეს წარწერებისთვის „გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“.
პეკინის გამზირზე, დროებით კონსტუქციაზე წარწერისთვის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა აქტივისტები 200 ლარით დააჯარიმეს, ხოლო „პანორამა თბილისის“ დროებით ღობეზე წარწერისთვის 1000 ლარით, რადგან, როგორც ინსპექციაში განაცხადეს, ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე თვითნებური წარწერები ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და დაჯარიმებას ითვალისწინებს. აქტივისტები ჯარიმას გაასაჩივრებენ.
სამოქალაქო მოძრაობა ფეისბუკზე წერს: „მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილსა და მის დროებით საყვარელ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ჩვენი პარტიზანული აქტივობის ჩაშლის ბრძანების გაცემისა და ამხელა ადმინისტრაციული რესურსის ჩვენს სტენსილებზე მოცდენისთვის“.
„სირცხვილია“ წარწერებით - „გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ აღნიშნავს 20-21 ივნისს, თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლიდან ერთი წლისთავის მოახლოებას.