Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური შუღლის საქმე: რა ეტაპზეა გამოძიება?


ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას ეხება. უკვე გამოკითხა მარნეულის არაერთი მკვიდრი, სასულიერო პირები, ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი აქტივისტები, პარლამენტის დეპუტატები. დეტალებზე სუს-ში ამ დრომდე არ საუბრობენ.

15 ივნისს, გამოკითხვაზე დაიბარეს თამთა მიქელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთი ხელმძღვანელი. EMC და თავად მიქელაძე წლებია, საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისა და თანასწორობის პოლიტიკისა და საკითხებზე მუშაობენ.

“ზოგადად, კითხვები იყო ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, მათ შორის ეხებოდა, მარნეულში ჩვენ საჯარო პოზიციონირებას და გარკვეულ კომენტარებს. ასევე, იმ შეფასებებს და მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ულტრაკონსერვატორულ ჯგუფებს აქვთ გაკეთებული”, - განაცხადა თამთა მიქელაძემ გამოკითხვის შემდეგ.

მაინც რას იძიებს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს განაცხადა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ. უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლი გააღვივონ.

„ეს პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

კონკრეტულად რომელ ადამიანებს, ჯგუფებსა და საკითხებს გულისხმობს სუს-ი, უწყება არ განმარტავს. გამომძიებლების დასმულ კითხვებს ვერ ასაჯაროვებენ გამოკითხულები, რადგან მათ გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს. გამოძების დაწყებას წინ უძღვოდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლისა და დავით გარეჯის საკითხების გარშემო მიმდინარე მოვლენები.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე შეუთანხმებელია. ამის გამო, კომპლექსის ნაწილი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები დაახლოებით ერთი წელია დაკეტილია ქართველი მრევლისთვისა და სასულიერო პირებისთვის.

მაისის მიწურულს, საქართველოს აზერბაიჯანულ თემში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია მარნეულის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის ულტიმატუმმა, რომელიც მარნეულიდან ბოლშევიკი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას მოითხოვს. ულტიმატუმის შემდეგ ძეგლს ის აზერბაიჯანელებიც კი იცავენ, რომლებიც მანამდე მას დიდად არ აფასებდნენ.

კიდევ ვინ გამოკითხა სუს-მა?

ერთერთი პირველი, ვინც საგამძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი, აქტივისტი დავით ქაცარავა იყო. საქმე ეხებოდა დავით გარეჯის საკითხს. დავით ქაცარავა და მისი „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ პატრიოტული მოტივებით ხშირად მოძრაობს მონასტრის ტერიტორიაზე და პროტესტს გამოხატავს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების მიმართ.

საგარეჯოელი გიორგი კურდღელაშვილი “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” კიდევ ერთი წევრია, რომლითაც გამოძიება დაინტერესდა. კურდღელაშვილი მონაწილეობდა 2019 წელს, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ქართველი აქტივისტების დაპირისპირებაში, როცა აქტივისტები ცდილობდნენ კელიებში შეეტანათ ის ხატები, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

გამოიკითხა აქტივისტი გოგიტა ბუხაიძე. მისი თქმით, გარეჯის საკითხზე აქტიურობს 1986 წლიდან, როცა იქ რუსებს ჰქონდათ პოლიგონი.

“ვეცადე გამომძიებლები დამერწმუნებინა რომ რასაც ვაკეთებ არაა ეთნიკური შუღლის გაღვივება”, - ამბობს ბუხაიძე და განაგრძობს: “სახელმწიფო როცა არ აქტიურობს, სამოქალაქო სექტორი აქტიურობს. რატომ არის ეს დაძაბვა?”

გამოძიებამ კითხვები დაუსვა საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ მირტაგ ასადოვს. მისი თქმით, კითხვები, მათ შორის, ეხებოდა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს.

“საინტერესოა, ვინც ეთნიკურ შუღლს აღვივებს ისინი გამოკითხეს, თუ მხოლოდ მარნეულში თავის დაცვის პოზიციაში მყოფ აქტივისტებს იბარებენ დაკითხვაზე? დაკითხვიდან გამოსული აქტივისტები მიყვებოდნენ იმ კითხვების შესახებ, რომელსაც მათ სუს-ში უსვამდნენ. ეს დაკითხვები სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ფსიქოლოგიური ზეწოლაა. მე როგორც სასულიერო პირი ყოველთვის ქვეყანაში ერთიანობის და მშვიდობის მომხრე ვიყავი და ჩემი განცხადებები და ლოზუნგები სულ ამ შინაარსის იყო. ეს ქვეყანა ჩვენი ოჯახია და ყველა ამ ოჯახს უნდა გაუფრთხილდეს”, - ასადოვის ამ განცხადების თარგმანს “მთავარი არხი ავრცელებს”.

გამოკითხვაზე იყო ყოგილი პარლამენტარი ზუმრუდ ყურბანოვი. მისი თქმით, როცა დაუკავშირდნენ, უთხრეს, რომ იბარებდნენ ნარიმან ნარიმანოვის საკითხთან დაკავშირებით.

“მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების მიტაცება ხდება, ვიღაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, ქართველი აზერბაიჯანელი მოსახლეობა, არავის მივცემთ უფლებას, რომ დაძაბულობის კერა შექმნან”, - უთხრა მან მედიას.

რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები რუსლან ჰაჯიევი და თამაზ ნავერიანი. როგორც რადიო ციტირებს ჰაჯიევს, გამოკითხვა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

ასევე, რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, გამოძიებამ გამოკითხა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მარნეულის მერი ზაურ დარგალი. ასევე, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, მათემატიკის მარნეულელი მასწავლებელი ელვირ ჰასანოღლუ.

სანდრო ბრეგაძე, ულტრა კონსერვატორული ჯგუფის, “ქართული მარშის” ლიდერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მარშიდან სამი ადამიანი, მათ შორის, ერმილე ნემსაძე იყო დაბარებული გამოკითხვაზე სუს-ში. ნემსაძის თქმით, გამოძებას მიმდინარეობს იმ ხალხის მიმართ, “რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ქართველები არიან უპირატეს მდგომარეობაში და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა არის დაჩაგრული, შევწიროებული. ამ იდეის ხარჯზე, ცდილობენ გააჩაღონ ეთნიკური კონფლიქტური”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამოკითხვაზე ყოველდღიურად იბარებენ მოქალაქეებს, თუმცა ვის და რა მოტივით - უწყება არ აზუსტებს.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG