Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა


"TV პირველის" ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მისი ვარაუდით, ის დაიბარეს გასულ შაბათს, 20 ივნისს ტელეკომპანია პირველზე, მისი გადაცემის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ. ნოდარ მელაძის გადაცემაში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება შეეხებოდა რამდენიმე დღის წინ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვს. მელაძის გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულია მაკა ჩიხლაძეც.

"ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი, არის თუ არა ვასამბეკ ბოკოვი ის ადამიანი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, რადგან მისი ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან რამდენჯერმე ნახა ჩანაწერი, რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს და ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ის მისი ძმა არ ყოფილა", - აცხადებს მელაძე. ჟურნალისტი ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში ახლა იჯდეს სხვა პირი. ნოდარ მელაძის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ სხვა კითხვებს მომდევნო გადაცემაში, შაბათს გაეცემა პასუხი.

ნოდარ მელაძის თქმით, საქართველოს კანომდებლობით ჟურნალისტს არ ავალდებულება წყაროს გაცემას და არ აპირებს გაამხილოს ინფორმაციის მიმღები პირები.

"თუ კითხვები იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც არ ეხება ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ მასალას, შემდეგ უკვე მოვითხოვთ დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის ფარგლებში“ - ამბობდა მელაძე გამოკითხვაზე მისვლამდე.

12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

15 ივნისს „მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია „რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

XS
SM
MD
LG