Accessibility links

კაკაურიძე: ლარის 30%-იანი გაუფასურების შემთხვევაში, ვალი კანონით დადგენილ ნიშნულს გადასცდება


ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აღიარებს, რომ სახელმწიფო წელს საკმაოდ დიდი მოცულობის ვალს იღებს.

„ჩვენ ამ ვალს ვიღებთ, რომ ბიუჯეტი სრულად მზად იყოს უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის, უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისისთვის“, - აღნიშნა კაკაურიძემ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვისას.

მისი განმარტებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალი 56%-იან ნიშნულამდე ადის. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის მიხედვით კი, სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო ვალმა შესაძლოა კანონით დადგენილ ზღვარს გადააჭარბოს.

„ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან ერთად წარმოვადგინეთ ვალის მდგრადობის ანალიზი და იქ სხვადასხვა შოკია განხილული, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შემცირება. ვითვალისწინებთ ვალუტის კურსის გაუფასურების 30-პროცენტიან შოკსაც. ეს არის ის მთავარი რისკი, რა შემთხვევაშიც შეიძლება ვალი გადასცდეს 60-პროცენტიან ნიშნულს“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 2021 წელს ქვეყანას 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გასტუმრებაც მოუწევს. ამასთან, მისივე თქმით, მომდევნო წლებში საქართველო ნაკლებ ვალს აიღებს.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი 9 ივნისს გამოაქვეყნა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო იცვლება.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით, ეკონომიკა 4%-ით მცირდება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით და ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი იქნება 8.5%.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო, ქვეყნის ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო, ხოლო დეფიციტი 2.5% უნდა ყოფილიყო.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისული ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებენ. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, შეცვლილი ბიუჯეტი არ პასუხობს ქვეყნის და მოქალაქეების საჭიროებებს.

მთავრობის ვალი ორ ნაწილად - საშინაო და საგარეო ვალად იყოფა. 2020 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ითვალისწინებს საშინაო ვალის ზრდას 1.85 მილიარდი ლარის ოდენობით და საგარეო ვალის ზრდას 6.187 მილიარდი ლარის ოდენობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG