Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისასტიკე არ არის ფერადი


“ფერადი ფრინველი” ( "The painted bird”, “Nabarvené ptáče” 2019, რეჟისორი ვაცლავ მარჰოული, ჩეხეთი, უკრაინა, აშშ. როლებში: პიოტრ კოტლარი, სტელან სკარსგადი, უდო კირი, ჰარვი კეიტელი);

გასული წლის კინოსეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, “ფერადი ფრინველი” (ასე გადათარგმნეს სათაური, მაგრამ მე “გაფერადებული ჩიტი” უფრო მომწონს), ქართულ ინტერნეტსაიტებზე რუსულადაა დუბლირებული. თუმცა ვაცლავ მარჰოულის სურათში ტექსტი თითქმის არაა, უფრო მეტიც, მუსიკაც არაა - სამსაათიანი ფილმის მოქმედება აბსოლუტურ სიჩუმეში ვითარდება. ამიტომაც “ფერადი ფრინველის” აღქმას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება.

ამავე დროს, მინდა გაგაფრთხილოთ: ფილმი იმ შემთხვევაში დაგაინტერესებთ, თუკი მოგწონთ კინო, რომელიც ფიქრისთვის განგაწყობთ, თუ ე.წ. “ევროპულ არტჰაუზს” არ ემტერებით. მაგრამ თუკი ეკრანზე ძალადობის ხილვას ვერ იტანთ, ან მეტისმეტად მგრძნობიარე გული გაქვთ, “ფერადი ფრინველის” ნახვას არ გირჩევთ. თქვენ კი არა, გასული წლის ვენეციის კინოფორუმზე, სადაც ჩეხური სურათის პრემიერა გაიმართა, ზოგიერთმა კრიტიკოსმა დამატებითი განმარტება მოითხოვა ფესტივალის დირექციისგან ამ სურათის კონკურსში ჩართვის გამო. უფროსი თაობის კინომცოდნეებმა გაიხსენეს 1977 წლის დასავლეთ ბერლინის კინოფესტივალი, სადაც ჟიურის გადაწყვეტილებას “ოქროს დათვით” აღენიშნათ საბჭოთა რეჟისორის, ლარისა შეპიტკოს, ფილმი “ზეასვლა”, ამავე ჟიურის სამი წევრის, მათ შორის რაინერ ვერნერ ფასბინდერის, პროტესტი მოჰყვა. კინომცოდნეების ნაწილმა მაშინ “პოლიტიკურ კონიუნქტურად” მონათლა “ბერლინალეს” შედეგები.

სტილის თვალსაზრისით, “ფრინველი”, ცოტა არ იყოს, ჰგავს კიდეც ლარისა შეპიტკოს შავ-თეთრ ფილმს, რომელშიც საბჭოთა პარტიზანების გმირობა და ღალატი სახარების იგავის სახითაა წარმოდგენილი. ერთგვარი არქაულობა, “პირველყოფილი სიმკაცრე” დამახასიათებელია შავ-თეთრი “ფერადი ფრინველისთვისაც” - ვაცლავ მარჰოული ქმნის სამყაროს, სადაც ძალადობას არა იმდენად ისტორიული რეალობა (ამ შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომი) განსაზღვრავს, რამდენადაც კულტურისგან, მორალისგან, ყველანაირი ცივილიზაციისგან გამოჯნული გარემო.. ადამიანები პირუტყვებივით იმიტომ კი არ იქცევიან, რომ გაჭირვებამ მათ სახე დაუკარგა. არა, ადამიანები აქ თავად წარმოადგენენ პირუტყვებს. უბრალოდ, ომმა, შიმშილმა და სიკვდილის შიშმა მათში ყველა ველური ინსტინქტი გააღვიძა.

მაყურებელი, როგორც წესი, ასეთ კინოზე აგრესიულად რეაგირებს. მაყურებელიც და ზოგჯერ კრიტიკაც. “ფრინველის” პრემიერაზე ვენეციაში, მედიისთვის განკუთვნილ სეანსზე, დარბაზი ფილმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სანახევროდ დაიცალა. ამავე დროს, ბევრი დარჩა და ბევრიც აღფრთოვანდა სურათით. პრემიერიდან ერთი თვის შემდეგ ჩეხეთმა “ფერადი ფრინველი” “ოსკარზე” წარადგინა. თუმცა იმის თქმა, რომ ვაცლავ მარჰოელის ფილმი ჩეხურია, მაინცდამაინც არ იქნება სწორი. “ფერადი ფრინველი” ისევე ჩეხურია, როგორც სლოვაკური, პოლონური, უკრაინული, გერმანული...ესაა დიდი საერთაშორისო პროექტი, რომლის გადაღებაში რამდენიმე სტუდია იყო ჩართული. მნიშვნელოვან როლებს ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავები ასრულებენ - ის მსახიობები, რომლებმაც, როგორც ვენეციის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, კარგად იცოდნენ ფილმის ლიტერატურული პირველწყარო, პოლონური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ეჟი კოსინსკის, წიგნი “ფერადი ფრინველი”, ახლა უკვე თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკა, ჰოლოკოსტის თემაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტექსტი, რომელსაც ავტორის ბიოგრაფია, კერძოდ კი, მისი ბავშვობის სახეშეცვლილი ისტორია დაედო საფუძვლად.

კოსინსკი პოლონელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მშობლებმა გვარი გამოიცვალეს და მიყრუებულ სოფელს შეაფარეს თავი, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე. მაგრამ “ფერად ფრინველში” მწერალი განსხვავებულად ჰყვება ამ ისტორიას: ებრაელი მშობლები ბავშვს მოხუც ნათესავს აბარებენ. დასაწყისში ბებია კვდება, სახლი იწვის. ბავშვი სოფელ-სოფელ იწყებს ხეტიალს თავშესაფრის ძიებაში. ამის მერე იწყება ჯოჯოხეთური ცხოვრება პატარა ბიჭისთვის, რომელიც ხან ბოშა ჰგონიათ, ხანაც ხვდებიან, რომ ებრაელია, მაგრამ ნაცისტებთან არ აბეზღებენ, რადგან სჭირდებათ, როგორც “დაბალი ღობე”, რომელსაც ამუშავებენ, დაამცირებენ, იძალადებენ. წიგნის გამოსვლის შემდეგ ავტორი “სპეკულაციაში”, “გადაჭარბებაში”, “ნატურალიზმში”, “მშრომელი ხალხის მასხარად აგდებაში” დაადანაშაულეს. 1991 წელს ეჟი კოსინსკიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

საგულისხმოა, რომ “ფერადი ფრინველის” ეკრანიზაცია, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა არა პოლონელმა და არა ამერიკელმა რეჟისორმა, არამედ ჩეხმა, საშუალო ნიჭის კინემატოგრაფისტმა, რომელსაც, როგორც ჩანს, მაინც ლიტერატურული პირველწყარო დაეხმარა - “ფერადი ფრინველი” ძალიან ძლიერი ფილმი გამოვიდა. თუკი ნერვები არ გიღალატებთ და ბოლომდე გაუძლებთ, თქვენ იხილავთ სადად, ტექნიკური ტრიუკების გარეშე მოთხრობილ ამბავს, უფრო სწორად, პატარა ამბების კრებულს ბავშვზე, რომელმაც საშინელი სამსჯავრო გამოიარა.

სისასტიკეს უკვე კარგა მაგრად მიგვაჩვიეს - სულ ვიმეორებ ამას. არ ვიცი, რა შეიძლება ვნახოთ დღეს ეკრანზე, თვალის დახუჭვის სურვილი რომ გაგვიჩნდეს. ძალადობა ჩვენი ყოფის ნაწილი გახდა. ვუყურებთ ძალადობას და ჩაის ვსვამთ.

“ფერად ფრინველში” სისასტიკე არა მარტი ნატურალისტურადაა გამოხატული, არამედ ხელოვნურადაცაა გაძლიერებული. ასეთი “გახსნილი უტრირება” ბევრს აღიზიანებს ჩეხურ ფილმში, მაგრამ “ფრინველის” რეჟისორი დარწმუნებულია, რომ მოვიდა დრო თანამედროვე საზოგადოების გამოღვიძებისა -არ უნდა იჯდე სახლში მშვიდად და არ უნდა სვამდე ჩაის თუნდაც მაშინ, როცა შენს თვალწინ მედია არასრულწლოვან ადამიანებზე ძალადობს, მათ ცხოვრებას ასახიჩრებს.

ამ დიდი საერთაშორისო კინოპროექტის ავტორებს (უკრაინულმა მხარემ, როგორც გაირკვა, ყველაზე მეტი ჩადო “ფრინველის” წარმოებაში) ეს გულგრილობა სახიფათოდ მიაჩნიათ. ვენეციაში, “ფრინველის” პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რეჟისორმა აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტის თემის კომერციალიზაციამ, რასაც წლების მანძილზე ეწეოდა ჰოლივუდი, მხოლოდ და მხოლოდ დაგვაშორა მილიონი ადამიანის მიერ გადატანილ ტკივილს. ამიტომ “ფერადი ფრინველი”, დიახაც, უტრირებული სისასტიკეა, რომლის ყურება ნამდვილად არაა ადვილი. ესაა ევროპელების პასუხი ჰოლივუდს, თავად ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით (რამდენი ხანია, ჰარვი კეიტელი არ გვინახავს კარგ როლში!), უფრო სწორად, აღმოსავლეთევროპელების პასუხი - იმ ხალხის პასუხი, რომელსაც ჰოლოკოსტის ტრაგედია წიგნებიდან და ფილმებიდან არ იციან. მათ მშობლებს, მათ პაპა-ბებიებს თავად გადახდათ ის ამბები, რომლებსაც გვიამბობენ “ფერადი ფრინველის” ავტორები.

ჩვენთვის ეს ამბები წარმოუდგენელი სისასტიკეა. არ გვჯერა, რომ ადამიანს შეუძლია ასე მოიქცეს. ასე მოექცეს ბავშვს! ამდენ რამეს მოვესწარით, ამდენი საშინელება ვიხილეთ, მაგრამ მაინც არა მარტო არ ვიმჩნევთ, არამედ ისევ ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ “თავისი ბუნებით ადამიანი კეთილია”, ხოლო სისასტიკის და ძალადობის ვნება შეძენილია, ხალხი არაა დაუნდობელი.

მათთვის ეს სიმართლეა. ჰოლოკოსტი ამ ხალხის ისტორიული ტრავმაა, რომელსაც არ სჭირდება “გაფერადება”.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG