Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი/საქართველო: მიმოსვლა-მიმოფრენის პერსპექტივა


ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გარდა, ერთ-ერთ მთავარ პირობას საპასუხო ნაბიჯის გადადგმაც წარმოადგენს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს კარი საქართველომაც უნდა გაუღოს. ევროკავშირის ქვეყნები ორ კვირაში ერთხელ შეადგენენ ახალ სიას და სწორედ ამის მიხედვით გაიღება ან დაიხურება კარი მესამე ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის საბჭოს 30 ივნისის გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის - ჩეხეთის მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველოს ვეღარ ვხვდებით.

როგორ გამოიყურება ევროკავშირთან ტურიზმის განახლების პერსპექტივა? რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? აღდგება თუ არა რეგულარული ავიარეისები 1 აგვისტომდე? რა ფასი და წონა აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს მომაკვდავი ტურიზმისთვის?

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ია თაბაგარს თავადაც ჰქონდა პატარა ტურისტული სააგენტო. ის ძირითად ევროპელებს ემსახურებოდა, წელიწადში დაახლოებით - 3 ათას ტურისტს. პანდემიის გამო შემოსავალი განულდა, კომპანია დაიხურა და ია თაბაგარსაც მოუწია თავისი 10 თანამშრომლის დათხოვნა.

იმედი 1 ივლისისთვის ჰქონდათ, მაგრამ მერე, რეგულარული ავიარეისები ივლისის ბოლომდე გადავადდა და ევროპელი ტურისტებიც ისევ მხოლოდ კარგ მოგონებებში დარჩნენ.

„ევროპა არის ევროპა... ევროპელები უფრო მეტს ხარჯავენ და მაქსიმალურად იყენებენ ჩვენი სერვისის მომწოდებლების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებს... მათ აინტერესებთ ისტორია, კულტურა და შესაბამის ადგილებშიც დადიან.

დასავლეთევროპელი ტურისტები დადიან ისეთ ადგილებში, სადაც მასობრივი ტურიზმი არ არის და ხელს უწყობენ სხვებისთვის უინტერესო სოფლის, ხეობისა თუ მთლიანად რეგიონის გამოცოცხლებას.

ისინი იშვიათად იყენებენ ნაღდ ფულს, საბანკო მომსახურებით სარგებლობენ და ამით უფრო მაღალი მომსახურების სტანდარტსაც ნერგავენ“, - გვეუბნება ია თაბაგარი.

დიდი იმედი არა აქვს, მაგრამ გვეუბნება, რომ პროცესების გამოცოცხლება და ევროკავშირთან ტურისტული ურთიერთობის განახლება გადარჩენა იქნება ასოციაციაში შემავალი ბევრი კომპანიისთვის.

9 სასტუმროს მართავდა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი. გვეუბნება, რომ ამჟამად ცხრავე სასტუმრო დახურულია და 432 თანამშრომელი მარტიდან უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.

ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების წონა და ფასი ალავერდაშვილმაც კარგად იცის, მაგრამ მას მომავალი წლის გაზაფხულამდე ტურიზმის გამოცოცხლების იმედი არა აქვს - „ამ ეტაპზე არსებული ვითარების მიხედვით, პირადად მე სასტუმროების გახსნას არ ვაპირებ 2021 წლის აპრილამდე. თუმცა დავაკვირდებით, რა მოხდება“.

  • ალავერდაშვილის თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა - სასტუმროების პერსონალმა, მძღოლებმა, გიდებმა თუ მზარეულებმა.
  • სხვადასხვა გათვლით, საქართველო ტურიზმის სფეროდან წლის განმავლობაში დაახლოებით 2-3 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, რამაზ გერლიანი გვეუბნება, რომ ევროპელი ტურისტები დიდი შვება იქნებოდა საქართველოში მომაკვდავი ტურისტული ინდუსტრიისთვის. ევროკავშირის ქვეყნებიდან შარშან ივლისში ჩამოვიდა 73 453 ტურისტი და ეს ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ეს მაჩვენებელი გადახდის უნარიანობით „შესაძლოა უტოლდებოდეს მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად - აზერბაიჯანიდან ან რუსეთიდან შემოსულ 500 ათას ტურისტს და შესაძლოა მეტსაც კი“.

თუკი გასული წლების სტატისტიკას გადავხედავთ, 2018 წლის ივლისში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 63 735 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ 15%-ით გაიზარდა. მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, წელს ივლისში ნულის ტოლი იქნება, რადგან:

  • საქართველომ საჰაერო რეგულარული მიმოსვლა 1 აგვისტომდე გადაავადა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო საზღვარს, სატვირთო ავტომობილების გარდა, „კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ანდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები“

გერლიანი ვერ ხედავს საჭიროებას, რომ რეგულარული ფრენებისთვის საქართველო ჩაკეტილი დარჩეს აგვისტომდე, რადგან შესაბამისი რეგულაციების დანერგვითა და სათანადო მომზადებით ამის გაკეთება მანამდეც შეიძლება. მით უმეტეს, რომ ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის და კიდევ 14 ქვეყნისთვის საზღვრის გახსნის შესახებ - „როდესაც ქვეყანა ევროკავშირის სიაში ხარ, ეს მნიშვნელოვანია შენი იმიჯისთვის და ამ ფაქტს გამოყენება სჭირდება, რათა მაღალგადახდისუნარიანი ტურისტები არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მოიზიდო“.

გერლიანი თვლის, რომ არანაირად არ არის საკმარისი ის ერთეული ჩარტერული რეისი, რომელიც კვირის განმავლობაში ხორციელდება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება, როგორც ჩანს, იმაზეც იქნება დამოკიდებული - გახსნის თუ არა თავად საქართველო საზღვარს ევროკავშირის ქვეყნებისთვის. 30 ივნისს გავრცელებულ დოკუმენტში გარკვევით არის მითითებული, რომ მნიშვნელოვანია საპასუხო ნაბიჯებიც.

  • ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ, რომ ძირითადად ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, სიას ორ კვირაში ერთხელ გადახედონ და შესაბამისად განაახლონ.
  • 30 ივნისის გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და ამიტომ მისი სრულად გათვალისწინება ან არ გათვალისწინება შეუძლია ევროკავშირის/შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანას.
  • პირობა ერთია: სიაში ჩამატება სხვებთან შეუთანხმებლად არ შეიძლება, სიიდან ამოღება - კი.

მაგალითად, ჩეხეთმა 15-წევრიანი სიიდან უკვე ამოიღო 7 ქვეყანა და მათ შორის - საქართველო.

თუმცა სიაში დატოვებული 8 ქვეყნიდან ორმხრივი მიმოსვლა მხოლოდ ჩერნოგორიასა და სერბეთთან არის გადაწყვეტილი. სხვა ექვსი ქვეყნიდან მხოლოდ ჩეხებს შეუშვებენ მანამდე, ვიდრე თავად ეს ქვეყნები არ გახსნიან საზღვრებს ჩეხეთისთვის.

საქართვლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1 ივლისს განაცხადეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებები ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება და გადაწყვეტილებებიც ასე შეთანხმდება. თუმცა როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება გვატყობინებს, ამ ეტაპზე ლაპარაკი არ არის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და მუშაობა წარიმართება კომერციული ჩარტერული რეისების დასამატებლად.

„მომდევნო ეტაპია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობა დეტალურად მუშაობს ყველა იმ პროცედურაზე, რომელთა გავლა მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღებს.

ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა საქართველოს მოქალაქეებს თანმიმდევრულად გაეხსნათ ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა და ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ იმოგზაურონ საქართველოში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ეს პროცესი რთული და შრომატევადი რომ იქნება, ამის შესახებ 1 ივლისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც ილაპარაკა. ოთხშაბათს ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 30 ივნისს დამტკიცებული „დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ ეტაპზე, (ევროკავშირის) წევრი სახელმწიფოების მხრიდან ხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც საზღვრის გახსნის, ისე საზღვარზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, სიფრთხილის რა ზომები იქნება მოთხოვნილი და შესასრულებელი.

  • წინასწარი ინფორმაციით, ტურისტები ევროკავშირში საკარანტინო სივრცეებში არ მოხვდებიან;
  • საქართველოში კი, ყველა შემომსვლელისთვის ჯერჯერობით კვლავ სავალდებულო 2-კვირიანი კარანტინის წესი მოქმედებს, თვითიზოლაციის გამონაკლისი შემთხვევებით.

ოპოზიცია ტურიზმისა და მთლიანად - ეკონომიკისთვის დამღუპველად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რეგულარული ავიარეისების ივლისის ბოლომდე გადავადების თაობაზე. ამ თემაზე დავამ და კამათმა ბოლო დღეებში განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო.

ოპონენტებისთვის არასაკმარისი და არადამაკმაყოფილებელია ხელისუფლების პასუხი, რომ საქართველო მოწყვეტილი არ არის გარე სამყაროს, ამ ეტაპზე ჩარტერული რეისები საკმარისად ხორციელდება და რომ ოპონენტები სპეკულაციებით არიან დაკავებული.

„ევროპული საქართველო“ საქართველოს ხელისუფლებას 1 ივლისსაც მოუწოდებდა, სასწრაფოდ აღადგინოს რეგულარული ფრენები ევროკავშირის ყველაზე უსაფრთხო (მაგალითად - ბალტიისპირეთის) ქვეყნებთან მაინც.

ეს პარტია სწორედ ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგად თვლის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას, დროებით შეაჩეროს ქუთაისში არსებული ბაზის მუშაობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG