Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: რუსეთის ავიაიერიშები სირიაში შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო დანაშაულად


იდლიბის პროვინცია
იდლიბის პროვინცია

რუსეთისა და სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს იერიშები სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ბაზრებზე პროვინცია იდლიბში, რაც შესაძლოა, შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ექსპერტების დასკვნაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

სირიის მოვლენების შემსწავლელი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშის თანახმად, მარტში მიღწეულ ზავამდე მთავრობის მომხრე ძალების „განურჩეველი დაბომბვების“ შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ხოლო დაახლოებით მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უტოლდება.

ანგარიში მოიცავს 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლამდე ივნისის პერიოდს და ეფუძნება ფრენების შესახებ მონაცემებსა და მოწმეების ჩვენებებს.

გაეროს კომისია საცხოვრებელი რაიონების დაბომბვისათვის პასუხისმგებლობას აკისრებს ასევე ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ჰაიატ ტაჰრირ აშ-შამს“.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „იერიშები მკაფიოდ გამოკვეთილი ლეგიტიმური სამხედრო მიზნის გარეშე ხორციელდებოდა.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაჯგუფება „ჰაიატ ტაჰრირ აშ-შამის“ წევრები აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.

კომისიის ხელმძღვანელის, პაულო პინეირუს თანახმად, პროსახელისუფლებო ძალები და ფორმირებები, რომლებსაც გაერო ტერორისტულად მიიჩნევს, უხეშად არღვევდნენ ომის კანონებს და სირიელი სამოქალაქო პირების უფლებებს.

ტექსტში აღწერილია 52 თავდასხმა სირიის ჩრდილო-დასავლეთზე, რომელთაგან 47, როგორც ამტკიცებენ, სირიის მთავრობამ რუსეთის დახმარებით განახორციელა.

სირიაში 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, რომელიც 2011 წლის 15 მარტს, ასადის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლებს მოჰყვა.

შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, რომელშიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრე არმიის წინააღმდეგ, გარკვეულ ეტაპზე, სირიის ოპოზიციის შეიარაღებული ფორმირებებიც იბრძოდნენ და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“, ქვეყანაში 370,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და რომლის გამოც მილიონობით პირი უსახლკაროდ იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG